6:37 PM მითები, რომლებსაც ვქმნით | |
თუ აქამდე მითები ვერბალურად (ზეპირსიტყვიერად თუ წერილობით – იქმნებოდა, XX საუკუნე ვიზუალური მახსოვრობის ეპოქაა და მითოლოგიური იმიჯებიც ძირითადად გამოსახულებით მიიღება. აქ უმთავრესი დატვირთვა ეკრანზე (ტელევიზია, კინო, რეკლამა) მოდის და წერილობითი კომუნიკაციაც ძირითადად ვიზუალურ აღქმას ექვემდებარება (ბულვალური პრესა, სადაც სიტყვიერად მინიმალური ინფორმაციაა მოწოდებული, რომელიც ეფექტური და სენსაციური ფოტოებით არის გაფორმებული. ჩნდება "პაპარაცის” ფენომენი, რომლის მიერ მოპოვებული მასალა ყველაზე ძვირადღირებულია. საგულისხმოა ინტერნეტის – როგორც წიგნის ეკრანული მოდიფიკაციის "წარმომავლობაც”). ასე, რომ მასმედია, რომელიც თანამედროვე მითების ძირითადი მწარმოებელია და რომელსაც ხშირად სწორედ ამისთვის – ილუზიის ტყვეობაში ხალხის მოქცევისთვის აკრიტიკებენ, უძველესი მექანიზმის, უბრალოდ ახალი ტექნოლოგიებით შექმნილი, გაცილებით უფრო მოქნილი დ სართოდ გავრცელებული ფორმაა (სხვათა შორის, მასმედიის კრიტიკოსთა უმთავრესი ნაწილი ინტელექტუალურები არიან, რომელთაც უძველესი მითების კვლევაზე ტომები თუ არ დაუწერიათ, უხვად წაუკითხავთ მაინც). სიმპტომატურია, რომ სიტყვა მედიუმ (მისი მრავლობითობის ფორმაა – მედია), რომელიც კომუნიკაციის და გადაცემის საშუალებას ნიშნავს, ზოგიერთ ენაში (მათ შორის,ქართულშიც) აღნიშნავს ადამიანსაც, რომელსაც თითქოს იდუმალი ჰიპნოზისა თუ სპირიტული სეანსის საშუალებით მომავლის წინასწარმეტყველების თუ ფარული, ქვეცნობიერიაშეტყობინების გაგების უნარი აქვს. მედია მართლაც ახდენს ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. დიდი მინიპულატორი – ხშირად ასე უწოდებენ მას, თუმცა არა მარტო მასმედია მანიპულირებს ადამიანებით, არამედ ეს უკანასკნელიც მედიით, რომელიც ითვალისწინებს და პასუხობს მომხმარებლის ინტერესებს თუ გემოვნებას; ამასთანავე თავად კარნახობს ხალხს, რითი დაინტერესდეს, რა მოეწონოს და ა.შ. ასე რომ, ურთიერთმიმართება მედიასა და ადამიანებს შორის არ არის ერთი, მნიშვნელოვანი (მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანებს არასდროს აქვთ ერთიანი ინტერესები და გემოვნება, არ არსებობს ერთგვაროვანი კრებითი მასა, როგორიც არის "ხალხი”, ისევე როგორც თავად მედია არ არის ერთგვაროვანი,ა რამედ სხვადასხვა იდეოლოგიურ პლატფორმაზე მყოფი…). მედიის მითების სფერო არის პოლიტიკა, კაპიტალი, მასკულტურა, კრიმინალური სამყარო… თუმცა ამ სფეროებისადმი კუთვნილება სრულიადაც არ არის გარანტი, დარჩე ლეგენდად. ბედისწერა, განსაკუთრებული როლი, რომელიც სენსაციად იქცევა… – ანუ ის ნიშნები, რაც ამა თუ იმ ფიგურას გამორჩეულს ხდის, თუმცა ამავე დროს მასთან გარკვეულწილად იდენტიფიკაციის (ან პირიქით, უკიდურესი გამიჯვნის) საშუალებას იძლევა. მედიის მთავარი მოთხოვნაა სენსაციურობა. ის ხშირად შემზარავ სახეს იღებს, მაგრამ იმისთვის, რომ მითი დაიბადოს, განსაკუთრებული სტრესია საჭირო. სენსაციურობას ხშირად ამძაფრებს სიცოცხლეშივე თითქმის ლეგენდადქცეული ამა თუ იმ ფიგურის სიკვდილი. ამ მექანიზმს შესანიშნავად გამოხატავს ლიტერატურული გმირის, ანა კარენინას გარკვეულ სიმბოლოდ ქცევა. შესაძლოა მისი ცხოვრების პერიპეტიები ყველას კარგად ახსოვს, ზოგს რომანი თავიდან ბოლომდე ან საერთოდ არც აქვს წაკითხული, მაგრამ ყველამ იცის, სიყვარულისგან იმედგაცრუებული როგორ ჩაუვარდა მატარებელს. სწორედ თვითმკვლელობა ხდება მისი მითად, სიმბოლოდ გადაქცევის პირობა. აქცევს რა მასმედია პიროვნებას მითად, ამ უკანასკნელს მასკულტურა ხშირად თავისებურად "თარგმნის” – რადიკალურად განსხვავებულ ფუნქციას ანიჭებს, ვიდრე მას რეალობაში ჰქონდა და იყენებს, როგორც გასაყიდი საქონლის საგარანტიო მარკას. ამ მხრივ ძალზე საინტერსოა ჩე გევერას ბედი შესანიშნავ დოკუმენტურ ფილმში "ვინ არის ჩე?” კოლექციონერი მსუბუქი ირონიით გვიჩვენებს სხვადასხვა ჯურის ნივთებს – სამკერდე ნიშნებიდან მოყოლებული, კიჩის საუკეთესო ნიმუშით, ფანჯარაზე ჩამოსაკიდი მძივებიანი ფარდით დამთავრებული. ჩეს ყველაზე გავრცელებული პორტრეტის ავტორი ფოტოგრაფი კი ერთ ცენტსაც არ იღებს, მაშინ როდესაც მრავალგზის ტირაჟირებული მისი კადრიდან მილიონები კეთდება. ყველაზე ცინიკური ფილმში მაინც ერთი ეპიზოდია, სადაც მანჰეტენზე მდებარე ბუტიკის მფლობელი დიზაინერი ამაყად წარმოგვიდგენს ჩე გევარას ჩაცმულობის სტილში შექმნილ ძვირადღირებულ კოსტიუმებს და ამბობს: ჩეს ეს რომ ენახა, ძალიან მოეწონებოდაო.ჩეს საეჭვოა, მაგრამ ნებისმიერი თაობის ახალგაზრდებში, განსაკუთრებით თინეიჯერებში არა მარტო სტილი, არამედ მასთან დაკავშირებული სიმბოლიკა ძალზე პოპულარულია, იმის მიუხედავად არჩევენ თუ არა ერთმანეთისგან "მემარჯვენეს” და "მემარცხენეს”. როლიდან თავის დაღწევის მცდელობა გაცილებით ტრაგიკულად დასრულდა მერილინ მონროსათვის, რომლის ბურუსით მოცული სიკვდილის გარშემო დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა და სხვათა შორის, აქა-იქ კენედის სახელიც ამოტივტივდა; ანდა ლედი დაიანასთვის, რომელიც ჯეკის ინგლისურ ვარიანტს გავდა.” სახალხო პრინცესა” იმთავითვე საყოველთაო სიყვარულის ობიექტი გახდა, რაზეც, ალბათ, გარკვეულწილად "კონკიას” არქეტიპიც მოქმედებდა. მართალია, ლედი დაიანა საკმაოდ არისტოკრატიული ოჯახიდან იყო, მაგრამ არა სამეფო დინასტიის, რის გამოც ბრიტანული მონარქიის მკაცრი ეტიკეტის მიხედვით, ქორწინება უთანასწოროდ მიიჩნეოდა. მკაცრი წესების დარღვევისთვის (მოჩვენებითი ოჯახური იდილიის დამსხვრევის გამო), დაიანასადმი სიყვარული არ განელებულა, მაგრამ "როლის შეცვლა – საბედისწერო შეცდომაა”… როლები კი საბოლოოდ მაინც იმის მიხედვით ნაწილდება, როგორც ხელისუფლებას უნდა. ამიტომ სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა დროს აქცენტი განსხვავებული ტიპის მითებზე კეთდება – ის ხან "მარადიული ჩეჩენი”, ხან არაბი ტერორისტია, რომელთა არსებობაც ფარტომასშტაბიანი საომარი ოპერაციებისთვის ხსნის გზას; ზოგჯერ შეიძლება ის ერის გმირად ქცეული სპორტსმენი იყოს, რომლის გამარჯვებაც იმედს და ილუზიას ბადებს – მთავარია პირველი ოქრო და მერე მუდამ გავიმარჯვებთ… ჩვენ კი მითებს სხვადასხვა დოზით ყოველდღიურად ვყლაპავთ ან ვეწინააღმდეგებით და არ ვიღებთ მათ, მაგრამ ყველა შემთხვევაში, მასმედიის – ამ ყველაზე დიდი ნარკოტიკი გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |