მთავარი » 2014 » იანვარი » 21 » ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ახლადშექმნილი ხატი „მსწრაფლშემსმენელი“
3:43 PM
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ახლადშექმნილი ხატი „მსწრაფლშემსმენელი“

2005 წლის 12 მაისს საბერძნეთიდან, ათონის წმიდა მთიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელის" ასლი ჩამობრძანდა. აღნიშნული ხატის დედანი დოქიარის მონასტერშია დასვენებული, იგი სავარაუდოდ X საუკუნეში დაიწერა. XVII საუკუნეში დოქიარის მონასტერში ასეთ სასწაული მოხდა: მონასტრის ტრაპეზარი ნილოსი ანთებული კვარით ხშირად ჩაუვლიდა ხოლმე ამ ხატს, რის გამოც იგი იჭვარტლებოდა. ერთხელაც ტრაპეზარს ხმა მოესმა, რომელიც აფრთხილებდა, არ ჩაედინა ამგვარი დაუდევრობა, მაგრამ ბერმა ამ ხმას ყურადღება არ მიაქცია, ვინაიდან ეგონა, მონასტრის ერთ-ერთი ძმა აფრთხილებდა. ტრაპეზარი ხატისადმი დაუდევარ მოპყრობას განაგრძობდა, ამიტომ ღვთისგან სასჯელი მიიღო: თვალისჩინი დაკარგა. ამ სასწაულის შემდეგ ბერი უდიდეს სინანულში ჩავარდა და მხურვალე ლოცვით სთხოვდა უფალს პატიებას. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა მას მართლაც თვალი აუხილა. დედა ღვთისმშობელმა ბერს ასევე აუწყა, რომ ამიერიდან ეს ხატი „მსწრაფლშემსმენელად" იწოდება, ვინაიდან იგი მსწრაფლ შეისმენს მონანული მორწმუნის ვედრებას და აღუსრულებს მას ღვთისთვის სათნო თხოვნას.

სწორედ ამ „მსწრაფლშემსმენელი" ხატის ასლი შეიქმნა ათონზე, რომელიც თბილისში ცხუმ-აფხაზეთისა და საჩხერე-ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) და ზედაზნის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა საბამ (კუჭავა) ჩამოაბრძანეს. აეროპორტში ხატს დახვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სასულიერო პირები და მრევლი. ხატი ფეხით წამოაბრძანეს საქართველოს საპატრიარქოში, სადაც იგი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა აკურთხა. ამის შემდეგ „მსწრაფლშემსმენელის" ხატი ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც მრავალრიცხოვანი მრევლის წინაშე პარაკლისი, სამღვდელოებასთან ერთად, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II გადაიხადა. პარაკლისს დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბ-ნი ზურაბ ნოღაიდელი, პარლამენტარები.

 

ხატის ჩამობრძანების შესახებ გვესაუბრება ცხუმ-აფხაზეთისა და საჩხერე-ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი:

- მეუფე, სააღდგომო დღეებში ქართველ დელეგაციასთან ერთად თქვენ ბრძანდებოდით ათონზე, დოქიარის მონასტერში საიდანაც ჩამოაბრძანეთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „მსწრაფლშემსმენელი". ორიოდე სიტყვით გვიამბეთ, როგორ გაჩნდა იდეა ამ ხატის ასლის ჩამობრძანებისა.

- ჩვენს სააღდგომო დღესასწაულებს განსაკუთრებული ელფერი შესძინა ათონის მთაზე დოქიარის მონასტერში დამზადებულმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატის ჩამობრძანებამ. როგორც თქვენთვის ცნობილია, ათონის მთა არის ერთ-ერთი ბურჯი მართლმადიდებლობისა. ამ მთაზე არსებობს ოცი დიდი მონასტერი, გარდა ამისა, იქ კიდევ მრავალი სკიტი და სამონასტრო საცხოვრებელი ადგილია. X საუკუნიდან მოყოლებული განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ამ მთაზე სამონასტრო ცხოვრებამ და იქ უამრავი სასწაულიც აღესრულა. ათონზე მრავალი სიწმიდეა დავანებული, მათ შორის, სასწაულმოქმედი ხატები.

ბუნებრივია, ჩვენთვის, ქართველებისთვის, განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ მართლმადიდებლობის ამ ცენტრში, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი დღისათვის მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში სამონასტრო ცხოვრების მთავარი კერაა, ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქართველი ბერების ღვაწლი. მათ მიერ არის დაარსებული ერთ-ერთი უდიდესი მონასტერი „ივერონი", რომელშიც დაბრძანებულია ათონის მთის ერთ-ერთი უმთავრესი სიწმიდე - ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „მეკარედ", კარიბჭის ხატად წოდებული - ბერძნულად „პორტაიტისა". ბუნებრივია, დღეს, როდესაც საქართველოს ეკლესია სულიერი აღორძინების გზაზე დგას, ჩვენი სამღვდელოებისა და მრევლის ყურადღება სულ უფრო და უფრო იზრდება ამ წმიდა ადგილისადმი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ წმიდა ადგილზე ჩვენს თანამემამულეთა მიერ გაწეული დიდი ღვაწლის გახსენება და ხილვა იმ წმიდა ადგილებისა, სადაც ისინი მსახურობდნენ, იმ სიწმიდეებისა, რომელთა წინაშეც აღავლენდნენ ლოცვებს საქართველოსთვის. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ათონის მთაზე აღვლენილი ლოცვა, ისევე როგორც იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავთან და წმიდა მიწაზე აღვლენილი სავედრებელი, უფლისა და ღვთისმშობლის მიერ განსაკუთრებული ძალით შეისმინება. ათონი ღვთისმშობლის სავანედ იწოდება, ღვთისმშობლის მეორე წილხვედრ მიწად, ვინაიდან პირველი მისი წილხვედრი საქართველოა. ამიტომ ბუნებრივია, ამ წმიდა მთის სიწმიდეთაგან ერთ-ერთი გამორჩეული ხატის - „მსწრაფლშემსმენელის" ასლის ჩამობრძანება შეიძლება დაახლოებით გაუტოლდეს და მიემსგავსოს იმ მოვლენას, რომელიც 1989 წელს, 9 ოქტომბერს, წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს მოხდა, როცა საქართველოში ივერიის ღვთისმშობლის კანონიერი, ანუ ოფიციალური ასლი ჩამობრძანდა.

ბოლო წლებში ამ ხატის მიმართ განსაკუთრებით დიდი სასოება გაჩნდა სრულიად საქართველოში. თვითონ სახელწოდება ხატისა „მსწრაფლშემსმენელი" თავისთავად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და ამ ხატის მიმართ ლოცვისათვის განაწყობს იმ პიროვნებასა და იმ ერს, რომელსაც სერიოზული განსაცდელი აქვს და ამ წინააღმდეგობების დაძლევა სწრაფად ესაჭიროება. ბუნებრივია, გარდამავალ პერიოდში, როცა, ერთის მხრივ, დიდია სიხარული იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდა პოლიტიკურად თავისუფალი და სულ უფრო თავისუფალი ხდება შინაგანად, თვისობრივად, ამ გრძნობას, ბუნებრივია თან ახლავს დიდი განსაცდელიც. ეს პროცესი წინააღმდეგობრივია, რთულია. ქვეყანას ეკლიან გზაზე უწევს გავლა. როგორც მაცხოვარმა აღდგომისაკენ მიმავალი გზა გოლგოთის გავლით გაიარა, ალბათ ჩვენი ერის სულიერი და ფიზიკური აღდგომაც გოლგოთასთანაა დაკავშირებული. ბუნებრივია, ჩვენს ერს აქვს სასოება ამ ხატის მიმართ, აქვს მოლოდინი იმისა, რომ ამ ხატისადმი ლოცვის მეშვეობით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მსწრაფლ შეისმენს ჩვენს ვედრებას და მართლაც მოგვანიჭებს სულიერსა თუ ხორციელ შვებასა და კურნებას. დაახლოებით 1995 წლიდან მოყოლებული საქართველოში გავრცელდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატის დაუჯდომელი და ჩვენ ვიხილეთ, როგორი დიდი სიყვარულით, სასოებითა და რწმენით მიმართავდა ქართველი ხალხი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელ ხატს.

ამ ორიოდე წლის წინ, როდესაც მისმა უწმიდესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წმიდა სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებულიყო მსოფლიოს ეკლესიაში ცნობილი სასწაულთმოქმედი ხატები, აწ გარდაცვლილ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ზურაბ ჟვანიას გაუჩნდა სურვილი, შექმნილიყო მსწრაფლშემსმენელის ხატის ასლი და დასვენებულიყო სამების საპატრიარქო ტაძარში.

ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ ბატონი ზურაბი ეწეოდა ეკლესიური ცხოვრების წესს, შეძლებისდაგვარად ახერხებდა მარხვების შენახვას, ლოცვების წარმოთქმას, აღსარებასა და ზიარებას. დიდ დღესასწაულებზე იგი ყოველთვის უწმიდესის გვერდით იდგა და ზოგჯერ სხვადასხვა მონასტრებში იღებდა საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობას. ბატონ ზურაბს განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა ამ ხატის მიმართ. მან ბოდბის დედათა მონასტერში ერთ-ერთ მონაზონს, ხატმწერს ამ ხატის ასლი დაუკვეთა და სახლში ამ ხატის წინაშე ხშირად ლოცულობდა.

ბატონმა ზურაბმა პატრიარქისაგან გამოითხოვა ლოცვა-კურთხევა, რომ ეზრუნა ამ ხატის ასლის დამზადებაზე. მართლაც, უწმიდესმა მეტად გაიხარა, რომ ჩვენი საერო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელი ასე გამოეხმაურა მის ლოცვა-კურთხევას. ამის შემდეგ სამღვდელოებისა და მრევლის ჯგუფმა ვიმოგზაურეთ ათონის მთაზე, მოვილოცეთ დოქიარის მონასტერი, სადაც ამ სასწაულმოქმედი ხატის დედანი ბრძანდება და მონასტრის წევრებს ვთხოვე, დაემზადებინათ ამ ხატის ასლი. იმ პერიოდში მონასტერში არ ბრძანდებოდა წინამძღვარი მამა გრიგოლი, ამიტომ ამ საკითხის გარკვევას და ნებართვის მიღებას რამდენიმე ხანი დასჭირდა. ბუნებრივია, ხატის ასლები შეიძლება დამზადდეს ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ როდესაც საუბარია საგანგებო ასლებზე, ამ შემთხვევაში ასლს ის მონასტერი ამზადებს, რომელიც დედანს ფლობს და ასეთი ასლები დედანთან ძალიან მიახლოებულია. დედანს ხშირად აქვს პერანგი, მონასტერში კი ხდება ამ პერანგის მოხსნა და ზუსტი ასლის დამზადება. ამ პროცესს წინამძღვრის განსაკუთრებული ლოცვა-კურთხევა სჭირდება, ჩვენს შემთხვევაში კი ლოცვა-კურთხევის მიღება დაგვიანდა. დავბრუნდით საქართველოში, რამდენიმე თვის შემდეგ კი მივიღეთ პასუხი, რომ მონასტერი თანახმა იყო, გაკეთებულიყო ხატის ასლი საქართველოსთვის. ხატის დამზადებას კი 3 ათასი დოლარი დასჭირდებოდა. გავიდა რამდენიმე თვე, ქართველების ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ზედაზნის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი საბა (კუჭავა), ათონის მთაზე იმოგზაურა. მამა საბა პარალელურად სულიერ ზედამხედველობას უწევს მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის ჩამოყალიბებასა და მშენებლობას. როდესაც მამა საბა მონასტრის იღუმენს პირადად შეხვდა, ერთის მხრივ, უცნაური, მაგრამ სასიამოვნო ამბავი ჩამოგვიტანა. იღუმენმა დიდი ყურადღება გამოიჩინა ამ ხატის მიმართ და გაუჩნდა სურვილი, რომ ეს ხატი უსასყიდლოდ შეეწირა საქართველოს ეკლესიისთვის. მან საქართველოს ეკლესიის მეთაურს სთხოვა, მიეცა მისთვის ნებართვა, ეს ხატი უსასყიდლოდ შექმნილიყო და შემოეწირათ საქართველოსთვის. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ არა უბრალოდ კეთილი ნება იყო მონასტრისა, რომ მის წიაღში დამზადებულიყო ასლი, არამედ კიდევ უფრო მეტი - მონასტრის ძმობას გაუჩნდა ამ ხატის შემოწირვის სურვილი. ეს ფაქტი კიდევ უფრო აძლიერებდა ამ ხატის მნიშვნელობას, რადგან ამ მოვლენას ძმობის განსაკუთრებული სიყვარული ავსებდა.

გასული წლის ნოემბერში ჩავედით დოქიარის მონასტერში და ხატი დამზადებული აღმოჩნდა, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ - ხატი მონასტერში არ დაგვხვდა. მამა გრიგოლმა აგვიხსნა, რომ მოხდა რაღაც გაუგებრობა: ხატმწერს, რომელმაც ხატი დაამზადა, ასეთივე დაკვეთა ჰქონდა ერთ-ერთი ბერძნული დედათა მონასტრისაგან. მან გადაწყვიტა, პირველი ასლი, რომელიც ჩვენი დაკვეთით შესრულდა, ჩვენს ჩასვლამდე, დედათა მონასტერში წაებრძანებინა, ჩვენი ჩასვლისთვის კი, მეორე ხატის შექმნას ვარაუდობდა. ამის გამო იღუმენმა გამოთქვა უკმაყოფილება და გვითხრა, რომ ასლი, რომელიც ჩვენი თხოვნის საფუძველზე შეიქმნა, აუცილებლად საქართველოში უნდა მოხვედრილიყო, ვინაიდან განსაკუთრებული ლოცვითა და რუდუნებით ჩვენს სახელზე იყო შექმნილი. აქედანაც ჩანს, რომ ამ მონასტერში გამორჩეული, ფაქიზი დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მიმართ. მან დაგვაიმედა, რომ 2005 წელს, როცა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ყოვლადწმიდა ხატის დღესასწაულისთვის ჩავიდოდით ათონზე, ამ ხატს დაგვახვედრებდა. ამავე დროს, ხატისთვის პერანგის შექმნა შემოგვთავაზა. თავიდან ვფიქრობდით, რომ საქართველოში შეიძლებოდა შექმნილიყო პერანგი ქართული საეკლესიო ტრადიციის გათვალისწინებით, ამიტომ თავშეკავებით ვუთხარით, რომ ჩვენმა დამკვეთებმა არ განსაზღვრეს პერანგის შექმნა, ამიტომ მარტო დაწერილი ხატის პირით შემოვიფარგლებოდით. მაშინ მან გვითხრა, რომ იგი თვითონ მოძებნიდა სპონსორებს და პერანგს დაუკვეთავდა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ პერანგის ღირებულება გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ხატმწერის შრომა - 15-20 ათას დოლარამდე. მონასტრის წევრებმა მოისურვეს, მთელი სულითა და გულით მოეძღვნათ იგი. ამან ჩვენზე ძლიერ იმოქმედა და მადლობის მეტი რა გვეთქმოდა.

- წლევანდელი მოგზაურობა როგორ წარიმართა? გარდა დოქიარის მონასტრისა, თუ მოილოცეთ ათონის სხვა წმიდა ადგილები.

- წელს, როგორც დაგეგმილი გვქონდა, ბრწყინვალე შვიდეულში ათონის მთაზე გავემგზავრეთ. ბულგარელ მართლმადიდებელთა მონასტერში - „ზოგრაფოს" მონასტერში, რომელიც წმიდა გიორგის სახელობისაა, ღამისთევის ღვთისმსახურებას დავესწარით, რომელიც საზეიმო წირვით დაგვირგვინდა. ბულგარელმა ბერებმა ძალიან კარგად მიგვიღეს და ამის შემდეგ „ივერონის" მონასტერში გავემგზავრეთ, რათა საგანგებო ლოცვები აღგვევლინა ივერიის ყოვლადწმიდა ხატის წინაშე. ხატი დღესასწაულის დღეებში მცირე ტაძრიდან გადმოსვენებული იყო დიდ ტაძარში. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ივერიის ყოვლადწმიდა ხატის სახელობის მამათა მონასტრის მშენებლობას, რომელიც მახათას მთაზე მიმდინარეობს, სამშენებლო ფონდი ხელმძღვანელობს, რომელშიც გაერთიანებულნი არიან როგორც სასულიერო, ისე საერო პირები. ამ ფონდის წევრები ხშირად მოგზაურობენ ათონის მთაზე, რათა ხატისაგან გამოითხოვონ ლოცვა-კურთხევა, რომ ამ წმიდა სავანემ - ივერონმა და მისმა უმთავრესმა სიწმიდემ თბილისში ამ ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა ღვთივსათნოდ წარმართოს. ამჯერადაც ჩვენს მოგზაურობაში მონაწილეობას იღებდნენ ამ ფონდის წევრები და სამი დღე ჩვენ ივერონის მონასტერში გავატარეთ.

სამი დღის შემდეგ გავემგზავრეთ დოქიარის მონასტერში, სადაც მონასტრის ლოცვითა და მეცადინეობით შექმნილი ეს დიდებული ასლი გველოდებოდა. როცა მივედით, ამ ხატის ასლის სახით მართლაც რომ დიდი საჩუქარი, ღვთის საოცარი წყალობა ვიხილეთ. მოველოდით, რომ ეს იქნებოდა საინტერესო თავისი მხატვრული ღირებულებით, იქნებოდა მართლაც რომ მანუგეშებელი და სულიერად გამამხნევებელი, მაგრამ იმ ხატმა, რაც ვიხილეთ, ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. გაგვიჩნდა განცდა იმისა, რომ ღვთისმშობელი თითქოს ცოცხლად იდგა ჩვენს წინაშე. მართლაც დიდი სიხარული განვიცადეთ, ვინაიდან ათონის მთიდან ჩამობრძანებულ ხატს, მითუმეტეს, როცა იგი საგანგებო ლოცვებით არის შექმნილი, განსაკუთრებული მადლი მოაქვს თან; მას ათონის მთის მადლი, ღვთისმშობლის დიდი მადლი მოჰყვება. ჩვენ გვქონდა განცდა, რომ ღვთისმშობელმა ამ ხატის სახით ეს მადლი უხვად დააბერტყა საქართველოს, რაც დიდი ნუგეშია ჩვენთვის, რადგან დღეს ქართველ ერს მართლაც რომ სჭირდება ღვთის შეწევნა, ღვთისმშობლის მფარველობა.

ჩვენი ჩასვლის გამო მონასტრის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა საგანგებო ღვთისმსახურება, რომელიც მთავარ ტაძარში წირვით დაგვირგვინდა. ფაქტიურად სამნი ვმსახურობდით: არქიმანდრიტი საბა, მე და ბერძენი დიაკვანი. ფაქტიურად ეს იყო ერთობლივი, ქართულ-ბერძნული ლოცვა, ამის შემდეგ კი ღვთისმშობლის პარაკლისი შეასრულეს. როდესაც წინამძღვართან, მამა გრიგოლთან საუბარში ვახსენეთ, რომ პიროვნება, რომელმაც ხატი დაუკვეთა, ამჟამად გარდაცვლილია, იგი ძალიან შეწუხდა, თავის მონასტრის წევრებს მისცა ლოცვა-კურთხევა, რომ ხატზე გაკეთებულიყო მეორე წარწერაც. ერთი წარწერა იყო პერანგზე წინამხრიდან: „დოქიარის მონასტერი ამ ხატს სწირავს ქართველ ხალხს", ხოლო მეორე მხარეს დააწერეს: „ეს ხატი შეიქმნა აწ განსვენებული საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სურვილითა და თხოვნის საფუძველზე". გაიმართა საზეიმო ტრაპეზი, რომლის დასასრულს მონასტრის წინამძღვარმა, მამა გრიგოლმა მოკლე, მაგრამ ღრმად შინაარსიანი სიტყვა წარმოთქვა და საოცარი ხედვა გამოამჟღავნა საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ. მან აღნიშნა, რომ საქართველო არის უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, რომელსაც მთელი ისტორიის მანძილზე არასდროს ჰქონია მოსვენება, და მიუხედავად ამისა, ამ ქვეყანას არასოდეს უღალატია მართლმადიდებლობისთვის. მან ასევე დასძინა, რომ განსაცდელიც ხშირად ღვთისგან არის ისევ და ისევ ერის სადიდებლად, და სულიერი ამაღლებისათვის. ბოლოს აღნიშნა: ჩვენ გვინდოდა, შეგვექმნა ისეთი ხატის ასლი, რომელიც ნუგეშს მოუტანდა ქართველ ერს და ღრმად გვწამს, რომ ეს ხატი გაამხნევებს მას, აღადგენს და განამტკიცებს მის ტრადიციებს და ეს ერი ახლო მომავალში იქნება სადიდებლად მართლმადიდებლობისა. ეს სიტყვები მან საოცარი მღელვარების ცრემლებით დაასრულა. ფაქტიურად, ეს იყო სხვა ერის შვილების მხრიდან უდიდესი თანაგრძნობა, გაგება და მზადყოფნა ჩვენი ქვეყნის ჭირის გაზიარებისა. შეიძლება ითქვას, რომ ამ წინამძღვარში თითქოს გაჩნდა მოთხოვნილება, რომელიც ღვთისა და ღვთისმშობლისაგან ჩაესახა, რომ ის მოვალეა, ამ ერს, მითუმეტეს ასეთ დროს, მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადოს. ეს განწყობილება იგრძნობოდა ამ ხატშიც. ეს იყო, ღვთისმშობლის დიდი სიყვარულის გამოვლინება. ამ სიყვარულმა შთააგონა თავად წინამძღვარს, რომ ეს ხატი ასეთი სიყვარულით მოეძღვნა საქართველოსთვის. ასეთ ხატებს მონასტრებში ტყუილუბრალოდ არ ამზადებენ. მონასტრის წევრებმა, არა მარტო ბერებმა, არამედ საერო პირებმაც, რომლებიც მონასტერში იყვნენ, გვითხრეს, რომ მამა გრიგოლი, თუ რაიმე ნიშანს არ მიიღებს ღვთისაგან, ისე არაფერს აკეთებსო. მამა გრიგოლი გამორჩეული პიროვნებაა ათონის მთაზე. იგი დიდი უბრალოებით, დიდი სიყვარულის უნარით გამოირჩევა. ერთი შეხედვით, უყვარს გაბრაზება, მკაცრი დატუქსვა, ემოცების ხმამაღლა გამოხატვა, მაგრამ ეს იქ არავის წყინს, პირიქით, ყველას უხარია, რადგან მისგან დიდ სიყვარულს გრძნობენ. ტყუილად არავის შეაქებს, თანაგრძნობას ამაოდ არ გამოხატავს, ამიტომ ჩვენთვის ასეთი ადამიანის მხრიდან თანაგრძნობის, ცრემლამდე მისული სიყვარულის ღრმა განცდა, იყო განცდა იმისა, რომ მას მართლაც შთააგონა ღვთისმშობელმა, რომ ეს იყო მისი ნება. ღვთისმშობლის გულისტკივილი აისახა ამ წინამძღვრის სიტყვებში, ჩვენ დავინახეთ დედა ღვთისმშობლის დიდი სიყვარული, მის ცრემლებში თითქოს ღვთისმშობლის ცრემლებიც დავინახეთ... ჩვენც გული აგვიჩუყდა. მამა გრიგოლს ვთხოვეთ, ეს სიტყვები შემდგომ ვიდეო კამერის წინაშე გაემეორებინა, რომ ქართველ ხალხს მოესმინა. იგი დაგვთანხმდა. მინდა აღვნიშნო, რომ ათონის მთაზე ვიდეო-გადაღება აკრძალულია. მართალია, ხდება ფრაგმენტულად, მაგრამ დიდი რისკის ფასად. შეიძლება მთაც კი დაგატოვებინონ. ჩვენც არაერთხელ განგვიცდია ასეთი შიში, შესაბამისი სასჯელიც მიგვიღია. ჩვენდა გასაოცრად, მამა გრიგოლმა მოგვცა უფლება, რომ ხატის გადასვენება მონასტრიდან ნავსადგურამდე სრულებით გადაგვეღო.

არაჩვეულებრივად გამოგვაცილეს, მთელი მონასტერი შეიკრიბა, სხვათა შორის, აქაც დიდი უცნაურობა, განსაკუთრებული სულიერება და იდუმალება გამოავლინა მამა გრიგოლმა, რითაც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით მის სულიერ ძალაში: როდესაც ძალიან ვჩქარობდით და მხოლოდ ნახევარი საათი რჩებოდა მონასტრის მისადგომებთან ბორანის მოსვლამდე, ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მოვიდა ჩვენთან და შემცბარმა გვითხრა, რომ მამა გრიგოლი ჩვენი ჯგუფის მანქანას რეცხავდა. ძალიან შეგვეშინდა, რომ ვერ მოვასწრებდით გადაღებას. მან კი დაამთავრა მანქანის რეცხვა და აუჩქარებლად მოვიდა ტაძარში. მორიდებით შევახსენე, რომ ჩვენი გემი მალე შემოვიდოდა, ამიტომ უნდა გვეჩქარა. მან გვიპასუხა: ჩვენ ახლა უნდა გადავიხადოთ პარაკლისი, თუ არ გადავიხდით, ხატს ვერ ავწევთო. ამ სიტყვებით ყველანი განგვაიარაღა. ყველას გვწამდა, რომ ამ ადამიანს ჰქონდა სულიერი გულისხმისყოფა, რომ ყველაფერი მოესწრებოდა, იგი სრულიად მშვიდად აკეთებდა ყველაფერს. უნდა ითქვას, რომ მამა გრიგოლი არაჩვეულებრივად ასრულებს პარაკლისს, რომელიც ძირითადად გალობით მიმდინარეობს. ამ დროს უკვე დადგა გემის შემოსვლის დრო, მაგრამ მან პარაკლისის შემდეგ 10 წუთი, მეტი თუ არა, კიდევ ისაუბრა, მგზნებარედ იქადაგა, შემდეგ კი გვითხრა: ახლა უნდა გავეშუროთ, გემი შემოდის ნავსადგურშიო. მართლაც ასე მოხდა, გემი შემოვიდა და ნავების მისადგომთან დადგა. ასეთი საოცარი სიყვარულით, სულიერებითა და იდუმალებით იყო მოცული მონასტრის წინამძღვრის დამოკიდებულება ამ ხატისა და საქართველოს მიმართ. მან დაგვიწერა წერილი, სადაც დაამოწმა, რომ ეს არის კანონიერი, ანუ ოფიციალური ასლი, რომელიც შეიქმნა საგანგებო ლოცვით, რაც არის ნიშანი იმისა, რომ ეს ასლი თითქმის მიახლოებულია დედანთან არა მხოლოდ ფიზიკური ნიშნებით, არამედ სულიერი ძალითა და მადლით. წინამძღვარმა გაგვაცნო თავისი მრევლი, საკმაოდ ხანდაზმული პიროვნება, მეტად მორწმუნე კაცი ხრისტო ბასილარასი, რომელმაც მთელი სიცოცხლე ადამიანთა მსახურებას შესწირა. როცა გაუგია, რომ მოძღვარს სურდა, ქართველი ერისათვის შეეწირა ეს ხატი და პერანგიც შეექმნა, პერანგისათვის თანხა მას გადაუხდია. მან გვითხარა, რომ ძალიან უხარია, მცირედის გაკეთება რომ შეძლო ქართველი ერისათვის.

თესალონიკში დიდი სიყვარულით დაგვხვდნენ. ხატი მივაბრძანეთ წმიდა კოზმა და დამიანეს სახელობის ტაძარში, სადაც ქართველი მოძღვარი მსახურობს. ხატმა ღამე იქ გაათენა. როგორც ქართველმა, ისე ბერძენმა მრევლმა დიდი სიყვარულით ილოცა ხატის წინაშე, შემდეგ ათენში ხატი წმიდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში მივასვენეთ, სადაც ბერძენ სამღვდელოებასთან ერთად ქართველი მოძღვრებიც მსახურობენ - მამა თეიმურაზი და მელქისედეკი. საღამოს ვილოცეთ, მომდევნო დილით პარაკლისი გადავიხადეთ და ხატი თბილისში ჩამოვაბრძანეთ. ასეთია ამ ხატის ისტორია. დიდებულია სახილველად, მაგრამ კიდევ უფრო დიდებულია სულიერი ძალითა და სიყვარულით, რომელიც მისგან გამოსჭვივის, როგორც სიყვარული დედა ღვთისმშობლისა. მისი სახელი „მსწრაფლშემსმენელი" გვაძლევს სერიოზულ საფუძველს იმისა, ვიფიქროთ, ღვთისმშობელმა მოგვცა ნიშანი, რომ სწრაფად შეისმენს ვედრებას, თუკი მთელი ქართველი ერი შესთხოვს გულწრფელად, დიდი სიყვარულით, დიდი სასოებითა და გულმოდგინებით. იმედი მაქვს, რომ ხატის ჩამობრძანება დააჩქარებს საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარებას, ალბათ, პირველ რიგში, შეეწევა საქართველოს გამთლიანებას, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ყველაზე მძიმე ჭრილობების მოშუშებას, და საერთოდ, საქართველოს სულიერ გამთლიანებასა და გაბრწყინებას. შევთხოვთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რათა მოანიჭოს ჩვენს ერს სულიერი ძალები და ფიზიკური ჯანმრთელობა, დიდი სარწმუნოება და დიდი სიყვარული.

დასასრულს გვინდა მადლობა შევწიროთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის, ჩვენს მფარველს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ამ დიდი სიყვარულისათვის, ყველა იმ ადამიანს, ვინც განიცადა უფლის განგება, გულისხმაჰყო ღვთისმშობელის დიდი სიყვარული და თავადაც გახდა აღმასრულებელი ამ დიდი განგებულებისა: პირველ რიგში, გვინდა მადლობა შევწიროთ მამა გრიგოლს და შევთხოვოთ უფალს მისი დღეგრძელობა, შევავედროთ მთელი საძმო, მრევლი, ქრისტო ბასილარასი, მისი ოჯახი, ხატმწერი, ყველა, ვინც ყველაფერი გააკეთა ამ დიდებული საქმის აღსრულებისათვის. მინდა მადლობა ვუთხრა უწმიდესსა და უნეტარესს, ვისი ლოცვა-კურთხევითაც აღსრულდა ეს დიდი საქმე, მადლობით მინდა მოვიხსენიო ზურაბ ჟვანიას ღვაწლი, ყველას გმადლობთ, ვინც დიდი დახმარება გაუწია ხატის ჩამობრძანებას, ქართულ ავიაკომპანიას, ბატონ ზურაბ გაიაშვილს, რომელმაც იზრუნა, რომ ხატი მშვიდობით ჩამობრძანებულიყო საქართველოში, მადლობა შევწირო ყველა იმ ადამიანს, ვისი ლოცვითაც მსწრაფლშემსმენელმა ხატმა შეისმინა ჩვენი ვედრება. ღმერთმა დალოცოს დედაეკლესია, ქართველი ერი და ღმერთმა ინებოს მისი სულიერი გაძლიერება და გაბრწყინება, ამინ.


კატეგორია: წმინდანები | ნანახია: 846 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0