მთავარი » 2012 ივლისი 11 » ქვეყანა, სადაც უმჯობესია ქალად არ დაიბადო...
5:27 PM ქვეყანა, სადაც უმჯობესია ქალად არ დაიბადო... | |
![]() ავღანეთი, კონგო, ინდოეთი, სომალი და პაკისტანი ის ქვეყნებია, სადაც ქალები სასტიკი მეთოდებით მკვლელობებისა და დასახიჩრებების მსხვერპლნი ხდებიან. აქ ქალები რაიმე უფლებებს მოკლებულნი არიან. მათ არ იციან, რა არის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. იბადებიან მხოლოდ იმისთვის, რომ ემსახურონ ქმარსა და ოჯახს - ყოველგვარი საკუთარი აზრის ქონისა და გამოთქმის გარეშე. და ეს, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი, რელიგიით გამყარებული მიდგომაა. მინიმუმ 200 ქალი, ყოველწლიურად, პაკისტანში ქმრისა და მისი ნათესავების თავდასხმის მსხვერპლი ხდება. დასჯის ერთ-ერთი ყველაზე „პოპულარული" , მათ შორის, უკვე ე.წ. რეგიონალურ მეთოდად ქცეული ფორმა სახეში მჟავას შესხმაა. ნიუ-იორკ-თაიმსის კოლუმნისტი ნიკოლას კრისტოფი თავად იყო ჩასული პაკისტანში, რათა ქალებზე ძალადობის პრობლემა შეესწავლა და საკუთარი თვალით ენახა. ის წერს: „მე გამოვიკვლიე მჟავათი თავდასხმის შემთხვევები. ამას ქალების შესაშინებლად და დასამორჩილებლად იყენებენ მთელს აზიაში, ავღანეთიდან კამბოჯამდე. მამაკაცებზე ასეთი სახის თავდასხმა არასოდეს ხდება. რადგანაც ქალები არაფრად ღირან პლანეტის ამ ნაწილში, ისინი, ვინც მათ თავს ესხმის, ძალიან იშვიათად სამართლდებიან. მჟავას გაყიდვა კი არანაირად არ კონტროლდება". სწორედ ამის გამო, მჟავების გავრცელებაზე ბანგლადეშმა კონტროლი დააწესა, მაგრამ აზიაში მაინც ძალიან ადვილად იყიდი მაღაზიაში მაგალითად, გოგირდის მჟავას, რომელსაც ადამიანის სახის სრულიად წაშლა შეუძლია. მჟავათი ცოლების დაწვა ძალიან ხშირია, თუმცა ამ თემაზე ლაპარაკს თავად უკვე დასახიჩრებულებიც კი გაურბიან. 1994 წლიდან პაკისტანელმა აქტივისტმა, რომელმაც „პროგრესულ ქალთა ასოციაცია" დააფუძნა, რათა ტერორის მსხვერპლ ქალებს დაეხმაროს, 7 800 შემთხვევა დააფიქისირა, როცა ქალები დაწვეს მჟავათი, დამდუღრეს და ეს მონაცემი მხოლოდ ისლამაბადიდანაა. მაგრამ უფრო უარესია ის რეალობა, რომ ამის გამო დამნაშავეთა მხოლოდ 2% დაისაჯა. მაგალითად, ავღანელებმა მჟავა შეასხეს გოგონების ჯგუფს, რომლებმაც სკოლაში სიარული გაბედეს. ერთ-ერთმა მათგანმა, 17 წლის შამსიამ, როცა საავადმყოფოში იწვა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „მე ვივლი სკოლაში მაშინაც, თუ მომკლავენ. მე მინდა მტრებს გადავცე, რომ თუნდაც მათ ეს ასჯერ გააკეთონ, მე მაინც გავაგრძელებ სწავლას". პაკისტანელი ნაიმა აზარი, რომელსაც ნიკოლას კრისტოფი შეხვდა, თავიდან ფეხებამდე შავ ნაჭერში იყო გახვეული. ჟურნალისტი ყვება, რომ როცა მან პირბადე მოიხსნა, თავზარი დაეცა. მჟავას სრულიად დაეწვა მისი მარცხენა ყური და ნაწილობრივ მარჯვენაც, ასევე, თვალები და სახის კანი ძვლებიანად. ნაიმა უძრავი ქონების სააგენტოში მუშაობდა და ახერხებდა თავისი 3 მცირეწლოვანი შვილის გამოკვებას, როცა ქმართან - ჯამშიდ აზართან გაშორება დააპირა, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ ხილის გამყიდველად მუშაობდა, სახლში ფული არასოდეს მიჰქონდა. ქმარი თანახმა იყო გაყრაზე, რადგან თავად ჰქონდა თვალი სხვა ქალზე დადგმული, თუმცა როცა გაშორდნენ და ჯამშიდი სახლში შვილებთან დასამშვიდობებლად მივიდა, სწორედ მაშინ, ცოლს, პირდაპირ სახეში ბოთლით მჟავა შეასხა. „ჩემი სახე გაქრა"- ყვება აზარი. ყვირილზე მეზობლები მიცვივდნენ, მაგრამ არავის თავში აზრადაც არ მოსვლია ჯამშიდის შეპყრობა, ის კი მალევე გაეცალა იქაურობას. როგორც ნიკოლას კრისტოფი ყვება, ნაიმას სახის გარდა, მისთვის უფრო მეტად შემაძრწუნებელი თავად აზარის 12 წლის ვაჟიშვილის, ასანა შახას სიტყვები იყო. ბიჭი დედას ყველგან თან ახლავს. მან თქვა, რომ ერთ-ერთ სახლში, სადაც ისინი დედაზე თავდასხმის შემდეგ დროებით ცხოვრობდნენ, სახლის პატრონი მამაკაცი ყოველდღე ურტყამდა თავის ცოლს და ემუქრებოდა: „ნახე ის ქალი დაბლა, რომელიც თავისმა ქმარმა დაწვა? მეც იგივეს გაგიკეთებ"…ამერიკელი ჟურნალისტი შეძრწუნებული დარჩა | |
|
სულ კომენტარები: 0 | |