მთავარი » 2012 » მაისი » 15 » პატარა ჭიქებით
9:07 PM
პატარა ჭიქებით

არგენტინაში რთველი  დასასრულს  უახლოვდება

არგენტინელი მევენახეები ძლიერმა სიცხემ აიძულა ყურძნის მოსავლის აღება ჩვეულებრივზე ერთი კვირით ადრე დაეწყოთ. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მოსავლის რაოდენობა წელს დაახლოებით 20%-ით ნაკლები იქნება. Uco Valley-სა და Lujan-ის ვენახების მმართველი ბატონი მუნიანი აღნიშნავს, რომ ნოემბერსა და დეკემბერში ტემპერატურა განსაკუთრებით მაღალი იყო. უკვე 18 მარტისთვის მთელი ქვეყნის ზვრებიდან დაახლოებით 950 ათასი ტონა ყურძენი იყო დაკრეფილი. ამ მოსავლის ყურძენში შაქრიანობა მეტია, მჟავიანობა კი ჩვეულებრივზე დაბალია. ბატონი მუნიანის თქმით, ეს პროდუქციის ხარისხზე დადებითად აისახება: წლევანდელ მოსავალში მჟავიანობის დონე ბუნებრივი ფაქტორებით არის გამოწვეული, რაც, როგორც წესი, ღვინის წარმოებაში მხოლოდ მცირე კორექტირებას მოითხოვს ხოლმე. გარდა ამისა, მარტის ბოლოს დაჭერილმა სიცივეებმა არგენტინელ მეღვინეებს იმედი გაუჩინა, რომ მალბეკში – რომლითაც სამართლიანად ამაყობს არგენტინა – მოსავლის აღება ჩვეული გრაფიკით წარიმართება და ყურძენიც შესანიშნავი ხარისხის იქნება.

ჩილეური და არგენტინული

ღვინოები ჩინეთის ბაზარზე

არგენტინა და ჩილე სწრაფად მზარდი ჩინური ღვინის ბაზრის აქტიურ ექსპანსიაზე მუშაობენ. არგენტინის ღვინის მწარმოებელთა ფედერაცია პეკინში თავის წარმომადგენლობას უკვე ამ თვეში გახსნის. ჩინეთისთვის ღვინის მიწოდება არგენტინამ 1996 წელს დაიწყო. 2011 წლის მონაცემებით ჩინურ ბაზარზე ღვინის ექსპორტის მოცულობით მას უკვე მეექვსე ადგილი უჭირავს. ამჟამად არგენტინული ღვინის ერთი ბოთლი ჩინეთში დაახლოებით 19 ამერიკული დოლარი ღირს. ჩინეთში ჩილეური ღვინოებიც ძალზე პოპულარულია, მათი მოხმარება აქ ყოველწლიურად დაახლოებით 50%-ით იზრდება. 2010 წლის მონაცემებით ჩილემ ჩინეთს დაახლოებით 61 მილიონი ლიტრი ღვინო მიაწოდა, რომლის საერთო ღირებულებამაც 105 მილიონ დოლარს მიაღწია.

2012 წლის საუკეთესო შარდონეები

საფრანგეთში ჩატარდა მეცხრამეტე საერთაშორისო კონკურსი Chardonnay du Monde, რომელზეც შარდონეს ჯიშის საუკეთესო ღვინოები დაასახელეს. კონკურსი ბურგუნდიაში, პასტერის ინსტიტუტის მეღვინეობის მეურნეობაში, Chateau des Ravatys-ში გაიმართა. ამჯერად დამოუკიდებელი ჟიურის წინაშე განსასჯელად 43 ქვეყნის 908 შარდონეს ნიმუში იყო წარდგენილი. 300 ექსპერტი, რომელთა უმრავლესობაც ფრანგი არ იყო, რამდენიმე დღის განმავლობაში სინჯავდა ღვინოებს და გამოჰქონდა ვერდიქტი. დეგუსტაციის შედეგად ლიდერთა შორის დასახელდა არა 10 ღვინო, როგორც ეს გასულ წლებში ხდებოდა, არამედ 16. ჟიურის წევრების თქმით, მათი ხარისხი იმდენად მაღალი იყო, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გამოვლენა შეუძლებელი გახდა. გამარჯვებულ შარდონეთა სია ასე გამოიყურება:

1.Chablis "Croix aux Moines” 2010, Domaine Denis Pommier (საფრანგეთი)

2.Champagne Pierre Moncuit – Vieille Vignes 2004, Champagne Pierre Moncuit (საფრანგეთი)

3.Chablis 2010, Maison Laroche (საფრანგეთი)

4.Chardonnay vber z Hroznu 2008, Vinarstvi Josef Valihrach (ჩეხეთი)

5.Vin de Pays d`Oc "Villa Blanche Chardonnay” 2011, Jjoseph (საფრანგეთი)

6.Vins de Pays d`Oc "La Forge Estate Chardonnay” 2011, Les Domaines Paul Mas (საფრანგეთი)

7.Vino de la Tierra de Castilla – Chardonnay 2010, Bodegas Hacienda Albae (ესპანეთი)

8.Saint Veran Terres Noires 2009, Domaine Frederic Curis (საფრანგეთი)

9.Meursault Charmes 2009, Domaine Chateau de Mersault (საფრანგეთი)

10.Durbanville Hills Rhinofields Chardonnay 2010, Distell (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა)

11.Sicilia IGT Chardonnay 2010, Planeta SS (იტალია)

12.Domaine Jean Bousquet Grande Reserve Chardonnay 2010, Domaine Jean Bousquet (არგენტინა)

13.Chardonnay Neuchatel – Chardonnay Expression 2010, Alain Gerber (შვეიცარია)

14.Champagne Duval Leroy Blanc de Blancs Brut 2004, Champagne Duval Leroy (საფრანგეთი)

15.Selection Grande Reserve Chardonnay 2010, Luis Felipe Edwards Family (ჩილე)

16.Sattlerhof Beerenausslese Chardonnay 2010, Weingut Sattlerhof (ავსტრია)

ამრიგად, საფრანგეთმა, ბოლოს და ბოლოს, მოახერხა დაებრუნებინა მსოფლიო ლიდერობა, რომელიც უკანასკნელ წლებში დაკარგა. 16 საუკეთესოდან 8 ღვინო სწორედ ამ ქვეყნის წარმოებულია. სხვა გამარჯვებულთა შორის აღსანიშნავია ჩეხური Vinarstvi Josef Valihrach, სამხრეთაფრიკული Distell, ასევე სიცილიური Planeta. საყოველთაო მოწონება დაიმსახურა ავსტრიულმა ტკბილმა შარდონემ. იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც ბოლო დროს შვეიცარიის ღვინის წარმოებაში გაჩნდა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია შვეიცარიული შარდონეს წარმატებაც.

ევროკავშირი მაფიოზთა ვენახებს

აქტიურად დააფინანსებს

ევროკავშირი და იტალია აქტიურად აფინანსებენ იმ მიწების, ძირითადად ვენახების განვითარების პროექტებს, რომლებიც იტალიური მაფიის ბოსებს ჩამოართვეს. ამ მიზნით სიცილიის, კალაბრიის, აპულიისა და იტალიის სხვა რეგიონების ტერიტორიაზე, საერთო ჯამში, ერთ მილიარდ ევროზე მეტი დაიხარჯა. პროექტი ხორციელდება მიწის იმ ნაკვეთებზე, რომლებიც თავის დროზე ისეთ ცნობილ სიცილიელ მაფიოზებს ეკუთვნოდათ, როგორებიც იყვნენ მიკელე გრეკო, მეტსახელად "პაპი” და სალვატორე რიინა, მეტსახელად "ტოტო”. გრეკო გარდაიცვალა, ხოლო ტოტოს კი უკვე მერამდენე წელია, სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. მხოლოდ 1996 წელს გახდა შესაძლებელი, ბანდიტების ქონება კანონიერად გამოეყენებინათ ხალხის კეთილდღეობისთვის – მაფიოზთა კუთვნილი უძრავი ქონება, დაახლოებით 4500 ობიექტი, სხვადასხვა კოოპერატივებს გადაეცა. 2001 წელს პალერმოდან 60 კილომეტრში მდებარე სოფელ კორლეონეში, კონფისცირებულ ვენახებში დაიწყეს ეგრეთ წოდებული ანტიმაფიოზური ღვინის წარმოება. კერძოდ, ჩამოისხა თეთრი ღვინო Tempio del Monte Jato, რომლის ეტიკეტზეც აღნიშნული იყო, რომ ღვინო დამზადებულია მაფიოზებისთვის ჩამორთმეული ვენახის ყურძნიდან. ეტიკეტზე ასევე გამოსახული იყო იმ ადამიანის ფოტო, რომელიც პოლიციას მაფიოზთა შესახებ გადასცემდა ინფორმაციას და ამის გამო მაფიოზებმა 1990 წელს მოკლეს. ვერონის ღვინის ბაზრობაზე წარდგენილ იქნა ასევე ვენახ Centopassi-ს ღვინო, რომელსაც სახელწოდება ცნობილი ფილმის – I Cento Passi – ("ასი ნაბიჯი”) პატივსაცემად ეწოდა. ფილმი, რომელიც 2000 წელს გამოვიდა ეკრანებზე, მოგვითხრობს ჯუზეპე იმპასტატოს შესახებ. ეს იტალიელი აქტივისტი და ჟურნალისტი სიცილიელმა მაფიოზებმა მათი მხილების გამო მოკლეს. Centopassi-ს ყველა ღვინო მაფიოზთა კონკრეტულ მსხვერპლს ეძღვნება

 

კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 643 | დაამატა: buka8867 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15730
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0