1:43 PM წმიდა დიდებული, ყოვლადქებული მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი | |
8 (21) მაისი
უფალმა პატმოსის კუნძულზე წმიდა მოციქულ იოანეს მოუვლინა მთელი რიგი საიდუმლო გამოცხადებანი, რომლებშიც წარმოდგენილი იყო კრავის ბრძოლა გველთან და პირველის გამარჯვება. უფალმა უბრძანა მას, დაეწერა წიგნი ამ ჩვენებებზე და გაეგზავნა ის ასიის შვიდი ეკლესიისათვის ქრისტიანთა სანუგეშოდ და სახელმძღვანელოდ. აპოკალიფსი - გამოცხადება, ეკლესიისა და სამყაროს მომავალსა და დასასრულს გვიცხადებს. რომის ტახტზე იმპერატორ ტრაიანეს ასვლის შემდეგ პატმოსის პატიმარმა თავისუფლება მიიღო და დაბრუნდა ეფესოში, სადაც განაგრძო მოღვაწეობა ქრისტიანული მოძღვრების სიწმიდის დასაცავად. მორწმუნეთა დაბეჯითებული თხოვნით მან ჩაწერა ყველაფერი, რასაც სიტყვიერად ქადაგებდა და, ამრიგად, სამი უკვე ცნობილი სახარება მეოთხე სახარებით შეავსო. მოციქულის სწავლებით, სადაც არ არის სრული ერთგულება, იქ არაფერი არ არსებობს. წმიდა იოანე წერს, რომ მორწმუნემ უფალს მთლიანად უნდა უძღვნას თავი, მისი ერთგული უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, იგი ცოდვას განიხილავს არა როგორც სისუსტეს, ან ადამიანური ბუნების არასრულყოფილებას, არამედ როგორც ბოროტებას, სიკეთის საწინააღმდეგო ჩადენილ ქმედებას. წმიდა მოციქულის თვალსაზრისით, ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს (1 ინ. 2,22; 4,3), ამიტომ ღმერთს ემსახურებოდა სრული სიყვარულით და სიმტკიცით; რაც უფრო მეტად უყვარს ადამიანს ქრისტე, მით უფრო სძულს ანტიქრისტე; რაც უფრო მეტად მიელტვის ჭეშმარიტებას, მით უფრო მეტად განეშორება სიცრუეს, რამეთუ ნათელი განდევნის ბნელს (ინ. 8,12; 12,35-36). მოციქულთაგან იოანემ ყველაზე მეტ ხანს იცოცხლა. იგი მშვიდად მიიცვალა ეფესოში 26 სექტემბერს, დაახლოებით 110 წელს. ძველი გადმოცემის მიხედვით, როდესაც იოანემ სიკვდილის მოახლოება იგრძნო, თვითონ გაათხრევინა საფლავი, ჩაწვა შიგ, ვითარცა სარეცელში და მშვიდად განუტევა სული. დასაფლავებულია ეფესოში. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |