მთავარი » წმინდანები

წმიდა მოციქული იუდა, ათორმეტთაგანი, დავითისა და სოლომონის შტოდან აღმოცენდა - იგი მართალი იოსებ დამწინდველის ძე იყო პირველი ქორწინებიდან. სახარებაში, იმდროინდელი ჩვეულების თანახმად, იუდა სხვა სახელებითაც იხსენიება: ლებეოსი (მთ. 10,3); თადეოზი (მთ. 10,3; მკ. 3,18); ბარსაბა (საქმე, 15,22).

გადმოცემის თანახმად, როცა ეგვიპტიდან დაბრუნებულმა იოსებ დამწინდველმა თავისი კუთვნილი მიწების დანაწილება დაიწყო ძმებს შორის, ისურვა, მარიამ ქალწულისგან შობილი ქრისტე მაცხოვრისთვისაც გამოეყო ნაწილი. ძმები წინ აღუდგნენ მამის განზრახვას, რადგან, როგორც იოანე ღვთისმეტყველი წერს, „არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი" (ინ. 7,5). მხოლოდ უფროსმა მათგანმა - იაკობმა მიიღო იგი თავისი მამულის თანამფლობლად. მოგვიანებით იუდამ ირწმუნა ქრისტე აღთქმულ მესიად, წრფელი გულით შეუდგა მას და მაცხოვრის ათორმეტ უახლოეს მოწაფეს შორის იქნა შერაცხილი, მაგრამ თავს უფლის ძმად წოდების ღირსად არ თვლიდა - თავისსავე კათოლიკე ეპისტოლეში იგი მხოლოდ იაკობის ძმად იხსენიება.

იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ მოციქული იუდა სახარების საქადაგებლად გაემგზავრა. იგი ჯერ იუდეაში, გალილეაში, სამარიასა და იდუმეაში ავრცელებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, შემდეგ არაბეთის, სირიისა და მესოპოტამიის ქვეყნებში მოგზაურობდა, ბოლოს კი ქალაქ ეფესოში ჩავიდა, სადაც სამოცდათთაგანი მოციქულის, თადეოზის მიერ დაწყებული საქმე დაასრულა. შემონახულია ცნობა იმის შესახებ, რომ იუდას სპარსეთშიც უქადაგია ქრისტიანობა და იქვე დაუწერია თავისი კათოლიკე ეპისტოლე ბერძნულ ენაზე. წმიდა მოციქული მოწამეობრივად აღესრულა სომხეთის ქალაქ არათში. უსჯულოებმა იგი ჯვარზე გააკრეს და ისრებით განგმირეს.

Категория: წმინდანები | Просмотров: 629 | Добавил: buka8867 | Дата: 2012-05-12 | Комментарии (0)

წმიდა მოციქული იაკობ ალფესი კაპერნაუმელი მეზვერის, ალფესის ძე და წმიდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს (ხს. 16 ნოემბერს) ძმა იყო. იაკობს, ისევე, როგორც მათეს, თავად მაცხოვარმა მოუწოდა ათორმეტ ურჩეულეს მოწაფეთა შორის და სახარების საქადაგებლად გაგზავნა (მთ. 10,3).

სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ ნეტარი მოციქული ერთხანს იერუსალიმში იმყოფებოდა (საქმე, 1,13; 6,2), შემდეგ კი წმიდა ანდრია პირველწოდებულთან ერთად ქრისტეს სწავლებას ავრცელებდა ედესაში, ღაზაში, ელეფთეროპოლში და მიმდებარე ადგილებში. აქედან იგი ეგვიპტეში გაემგზავრა და პალესტინის მოსაზღვრე ზღვისპირა ქალაქ ოსტარცინში ჯვარცმით დაასრულა მოციქულებრივი ღვაწლი (სხვა ცნობით, უფლის რჩეულს მრავალგვარი წამების შემდეგ კვერთხების ცემით ამოხადეს სული).


Категория: წმინდანები | Просмотров: 625 | Добавил: buka8867 | Дата: 2012-05-12 | Комментарии (0)

წმიდა მოციქული და მახარებელი მათე, ძე ალფესი, გალილეის ქალაქ კაპერნაუმის მკვიდრი იყო. იგი მეზვერედ, ანუ გადასახადების ამკრეფად მუშაობდა და საკმაოდ შეძლებულადაც ცხოვრობდა. თანამემამულეთ სძაგდათ იგი ყველა სხვა მეზვერის მსგავსად და გაურბოდნენ კიდეც მას, როგორც დამპყრობ რომაელთა სამსახურში მდგომ კაცს. მაგრამ მათე, თუმც კი ცოდვილი იყო, მაინც ბევრად სჯობდა ფარისევლებს - თავიანთი გარეგანი, მოჩვენებითი კეთილმსახურებით თავმომწონე ამ პირმოთნე იუდეველებს. და აი, მასზე, ყველასაგან მოძაგებულ მეზვერეზე, უფალმა იესო ქრისტემ შეაჩერა თავისი ღვთაებრივი მზერა. ერთხელ, როცა უფალი კაპერნაუმში იმყოფებოდა, იგი გამოვიდა ამ ქალაქიდან და დიდძალი ხალხის თანხლებით ზღვის სანაპიროსაკენ გაეშურა. აქ საზვერესთან მათე იჯდა. უფალი მიუახლოვდა მას და უთხრა:

- შემომიდეგ მე!

ეს სიტყვები მეზვერე მათემ მხოლოდ ხორციელი ყურებით კი არ გაიგონა, არამედ გულისმიერითაც ისმინა და უმალვე წამოდგა თავისი საზვერე ადგილიდან, რათა ყოველივე მიეტოვებინა და უფალს შესდგომოდა. მათეს არ დაუწყია იმის განსჯა, რომ, აი, დიდი მოძღვარი და სასწაულთმოქმედი სწორედ მას, ცოდვილ და ყველასაგან მოძაგებულ მეზვერეს ეძახის; მან მთელი თავისი არსებით შეისმინა უფლის მოწოდება და უსიტყვოდ გაჰყვა მას. ამასთან, დიდად გახარებული იყო და გადაწყვიტა თავის სახლში მიეწვია იესო ქრისტე, რათა საკადრისად გამასპინძლებოდა. უფალმაც არ უგულებელყო მისი მიპატიჟება და სახლში ეწვია მათეს. იმ დღეს მათეს ოჯახში მისი მრავალი მეზობელი, ნათესავი და მეგობარი შეიკრიბა, რომელთაგან უმრავლესობა ცოდვილი და მეზვერე იყო; ისინი ინახით უსხდნენ ტრაპეზს ჩვენს უფალთან და მაცხოვართან ერთად, ესაუბრებოდნენ და უსმენდნენ მას. აქვე იყო რამდენიმე მწიგნობარი და ფარისეველიც. რაკი მათ დაინახეს, რომ უფალს არ ეთაკილებოდა ცოდვილებთან და მეზვერეებთან ყოფნა, მათი ტრაპეზის გაზიარება, დრტვინავნენ და ასე ეუბნებოდნენ იესოს მოწაფეებს:

- „რაისათვის მეზვერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძღვარი თქვენი?!" (მათე 9, 11).

უფალმა კი, მოისმინა რა მათი სიტყვები, ასე უთხრა:

- „არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. ხოლო თქვენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხვერპლი, რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად" (იქვე, 12-13).

Категория: წმინდანები | Просмотров: 619 | Добавил: buka8867 | Дата: 2012-05-12 | Комментарии (0)

წმიდა და ყოვლადქებული მოციქული თომა (I)

6 (19) ოქტომბერი

წმიდა მოციქული თომა, მარჩბივად (ტყუპისცალად, ბერძნულად - დიდიმად) წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში, რომელსაც შემდეგში ჰეროდეს ძემ - ფილიპემ რომის იმპერატორის ტიბერიუსის პატივად კესარია უწოდა (ფილიპეს კესარია). ეს ქალაქი მდებარეობდა ერმონის მთის ძირას, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სათავეში, იქ, სადაც მთავრდებოდა ნეფთალემის ტომის სამკვიდრებელი.

როცა უფალი ჩვენი ქრისტე ამქვეყნად ადამიანთა შორის საზოგადო მსახურებისას გალილეა-იუდეის ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებს მოვვლიდა, ასწავლიდა რა ერს და განკურნავდა რა ყოველგვარ სნეულებათ, თომამაც მოისმინა მისი ღვთებრივი ქადაგება და იხილა საკვირველი სასწაულები. ამის გამო იგი მთელი არსებით მიეკრა უფალს და აღარასოდეს მოსცილებია. სხვა უახლოეს მოწაფეებთან ერთად, თომაც დასტკბებოდა იესო ქრისტეს სიტყვებით და მისი ყოვლად წმიდა პირისახის ჭვრეტით, იგიც განუყრელად დაჰყვებოდა უფალს და ღირს-იქმნა თორმეტ მოციქულს შორის შერაცხილიყო. იგიც თვითმხილველი მოწმე იყო უფლის ყველა ქვეყნიური საქმისა, მისი ჯვარზე ვნებისა და ნებაყოფლობითი სიკვდილისა. იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ წმიდა თომამ, თავისი დაუჯერებლობით სხვა მოციქულთა სიტყვებისა, კიდევ უფრო გააძლიერა ეკლესიის რწმენა უფლის მკვდრეთით აღდგომაში. რამეთუ როცა ქრისტეს სხვა მოწაფეები ეუბნებოდნენ - „ვიხილეთ ჩვენ უფალი"-ო, თომას არ უნდოდა ამის დაჯერება და ასე ეუბნებოდა მოციქულებს:

- „უკეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაი და დავსხენ თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭვალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გვერდსა მისსა, არასადა მრმწმენეს" (იოანე 20, 25). იმდენად დიდია უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო, რომ თომას ეს „ურწმუნოებაც" საღმრთო განგებულებით იყო დაშვებული, რათა ჩვენ ყველას ღრმად და შეუეჭვებლად გვერწმუნა უფლის ადამიანური ბუნების მკვდრეთით აღდგომა და ამ ადამიანური ბუნების ზეცად ამაღლება და მამის მარჯვენით დაჯდომა სამარადისოდ. ამ საღმრთო საიდუმლოს დასტურად, რითაც ყოველ ადამიანს მოენიჭა განღმრთობის და ზეცად დაბრუნების შესაძლებლობა, რვა დღის შემდეგ თავისი ბრწყინვალე მკვდრეთით აღდგომიდან, უფალი კვლავ გამოეცხადა თავის მოწაფეებს, რომელთა შორის ამჯერად თომაც იყო და უთხრა მათ:

- „მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ხელნი ჩემნი და მოიღე ხელი შენი და დამდევ გვერდსა ჩემსა, და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ!" (იოანე 20, 27).

მაშინ, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს დანახვაზე, როცა მის ცხოველმყოფელ გვერდსაც შეეხო და ხელსაც, თომამ შეჰღაღადა:

- „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!" (იქვე, მუხლი 28).

ეს მოვლენა ცხადზე უცხადესაც გვარწმუნებს ჩვენ ყველას უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტებაში, რამეთუ იგი თავის მოწაფეებს აჩრდილივით კი არ გამოეცხადა და არც სხვა რამ სხეულით, არამედ სწორედ იმ სხეულით, რომლითაც ჯვარზე ევნო ჩვენი ხსნისათვის.

უფლის ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ, მათ, როგორც ცნობილია, წილი ჰყარეს, თუ ვის რომელ ქვეყანაში ექადაგა ღვთის სიტყვა. წმიდა თომას წილად ინდოეთი შეხვდა, რათა აზიის ამ შორეულ მხარეში განენათლებინა წარმართობით დაბნელებული პართიელები და მიდიელები, სპარსელები და გირკანელნი, ბაქტრიელები და ბრაჰმანები და ინდოეთის ყველა უშორესი კუთხის მკვიდრნი (ძველად ინდოეთს უწოდებდნენ სამხრეთ აზიის ყველა ქვეყანას, საკუთრივ დღევანდელი ინდოეთის ჩათვლით).

თომა ძალზე წუხდა, რომ ესოდენ შორეულ ქვეყნებში და ველურ ხალხებთან უხდებოდა წასვლა, მაგრამ ჩვენებაში მას უფალი გამოეცხადა, განამტკიცა და უბრძანა, ყოველთვის მხნედ იყავი და ნურაფრის გეშინის, რადგან მეც მარადის შენთან ვიქნებიო. მალე თომამ ისიც შეიტყო უფლისაგან, თუ როგორ უნდა მიეღწია ამ ქვეყნამდე...


Категория: წმინდანები | Просмотров: 642 | Добавил: buka8867 | Дата: 2012-05-12 | Комментарии (0)

წმიდა მოციქული ბართლომე (I)

11(24) ივნისი

წმიდა მოციქულნი ბართლომე და ბარნაბა (I). წმიდა მოციქული ბართლომე, ათორმეტთაგანი, კანას გალილეიდან იყო. უფლის მოწაფეებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მას და ფილიპე მოციქულს (ხს. 14 ნოემბერს) წილად ხვდათ სახარების ქადაგება სირიასა და მცირე აზიაში. წმიდა ფილიპეს თან ახლდა და, მარიამი. სირიასა და მიზიაში მოგზაურობისას უფლის რჩეულებს მრავალი ჭირისა და განსაცდელის დათმენა უხდებოდათ.

ერთ-ერთ დაბაში წმიდანები იოანე ღვთისმეტყველს შეხვდნენ და მასთან ერთად გაემგზავრნენ ფრიგიაში. ლოცვის ძალით ქალაქ იერაპოლში მათ მოაშთვეს უზარმაზარი იქედნე, რომელსაც წარმართები თაყვანს სცემდნენ, როგორც ღვთაებას.

წმიდა მოციქულების ქადაგება მრავალი ნიშ-სასწაულით მტკიცდებოდა.

იერაპოლში ცხოვრობდა კაცი, სახელად სტაქოსი, რომელსაც ორმოცი წლის მანძილზე წართმეული ჰქონდა თვალისჩინი. მოციქულთა ლოცვამ მას მხედველობა დაუბრუნა. გახარებულმა სტაქოსმა ირწმუნა ქრისტე და ნათელ იღო. ხმა ამ სასწაულის შესახებ მთელ ქალაქს მოედო და სახლთან, სადაც მოციქულები იდგნენ, ყოველთვის ხალხმრავლობა იყო. ხორციელ და სულიერ სნეულებათაგან განთავისუფლებული წარმართები ინათლებოდნენ და ადიდებდნენ ჭეშმარიტ ღმერთს. განრისხებულმა წარმართმა ქურუმებმა სამსჯავროში იჩივლეს. ქალაქის თავმა ბრძანა, შეეპყროთ მქადაგებლები და საპყრობილეში გამოემწყვდიათ, სტაქოსის სახლი კი დაეწვათ. უფლის რჩეულებს ჯვარცმა მიუსაჯეს. ფილიპე მოციქული თავდაღმა მიამსჭვალეს ძელს. უეცრად საშინლად შეირყა ქვეყანა, მიწა დასკდა და მმართველი და ბრბოს ნაწილი თან ჩაიტანა. შეშინებულმა ხალხმა მოციქულების გარდამოხსნა დაიწყო ჯვრებიდან. ბართლომე დაიხსნეს, ფილიპე კი წამებით აღესრულა. იერაპოლის ეპისკოპოსად სტაქოსის დადგინების შემდეგ ბართლომე მოციქულმა და ნეტარმა მარიამმა დატოვეს ქალაქი.

ამის შემდეგ მარიამმა ღვთის სიტყვის ქადაგებით მიაშურა ლიკაონიას, სადაც მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (ხს. 17 თებერვალს). ბართლომე მოციქული ინდოეთში გაემგზავრა, ებრაულიდან ადგილობრივ ენაზე გადათარგმნა მათეს სახარება და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე; იყო დიდ სომხეთშიც, სადაც მრავალი სასწაული აღასრულა და მეფე პოლიმიოსის ეშმაკეული ასულიც განკურნა. მადლიერებით აღსავსე ხელმწიფემ მოციქულს ძღვენი გაუგზავნა, მაგრამ წმიდანმა მის მიღებაზე უარი განაცხადა: მე ადამიანთა სულების ხსნისთვისღა ვიღვწიო. მაშინ პოლიმიოსი დედოფალთან, განკურნებულ მეფის ასულთან და მრავალ დიდებულთან ერთად მოინათლა. მათ მაგალითს დიდი სომხეთის ბევრმა მკვიდრმა მიჰბაძა. ამით შეშფოთებული ქურუმების შეგონებით მეფის ძმამ, ასტიაგმა შეიპყრო მოციქული და ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) თავდაღმა აცვა ჯვარს. აღსასრულს მიახლებული უფლის რჩეული არ წყვეტდა სახარების ქადაგებას. მაშინ გამხეცებულმა ასტიაგმა ბრძანა, ჯერ ტყავი გაეძროთ ნეტარისთვის, შემდეგ კი თავი მოეკვეთათ. მორწმუნეებმა მისი ცხედარი ლუსკუმაში ჩაასვენეს და დაკრძალეს. დაახლოებით 508 წელს ბართლომეს უხრწნელი ნეშტი მესოპოტამიაში, ქალაქ დარში გადაასვენეს. როცა 574 წელს ქალაქი სპარსელებმა აიღეს, ქრისტიანებმა ხელთ იპყრეს მოციქულის ნაწილები და შავი ზღვის სანაპიროსკენ გაემართნენ, მაგრამ გზად მტრები წამოეწივნენ და იძულებულნი გახდნენ, ლუსკუმა ზღვაში ჩაეშვათ. ღვთის ნებით, სიწმიდე კუნძულ ლიპარასთან მიცურდა. IX საუკუნეში ეს კუნძული არაბებმა იგდეს ხელთ და უხრწნელი ნეშტი ნეაპოლიტანიის ქალაქ ბენევენტში გადააბრძანეს. X საუკუნეში წმიდა ძვლების ნაწილი რომში იქნა გადასვენებული.

წმიდა მღვდელმთავრები: იოანე ოქროპირი, კირილე ალექსანდრიელი, ეპიფანე კვიპრელი და ეკლესიის ზოგიერთი სხვა მამა ბართლომეს ნათანაელთან (ინ. 1,45-51; 21,2) აიგივებენ.


Категория: წმინდანები | Просмотров: 586 | Добавил: buka8867 | Дата: 2012-05-12 | Комментарии (0)

« 1 2 3 4 5 6 7 »
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15730
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0