11:05 AM წმინდა ნინოს ლოცვა გვფარავდეს | |
მართლმორწმუნე ოჯახში დაბადებულსა და გაზრდილს ქრისტიანობა ცხოვრების წესად ქცეოდა და კარგად იცოდა, რომ მართლმადიდებელი ყოველ წუთს და ყოველ წამს სიტყვითაც და საქციელითაც უნდა ქადაგებდეს ქრისტეს. მამამისმა, ზაბულონმა, რომის ჯარის ერთ-ერთმა მხედართმთავარმა, ფრანკები მოაქცია და გააქრისტიანა. სწორედ მისგან ისწავლა განსაცდელებთან ბრძოლა. დედამ, სოსანამ, თავმდაბლობა და მოკრძალება ჩაუნერგა შვილს. როცა წამოიზარდა, მშობლებმა გადაწყვიტეს, ცხოვრება უფლისათვის მიეძღვნათ და შვილი სოსანას ძმას, იერუსალიმის პატრიარქს, იუბენალს, ჩააბარეს, რომელმაც კეთილმორწმუნე ქალი, სარა ნიაფორი, მიუჩინა ნინოს აღმზრდელად. სწორედ აღმზრდელმა უამბო ქალწულს უფლის კვართის შესახებ, რომელიც ივერთა მიწისათვის მიებარებინათ. იმ წუთებიდან აივსო ნინოს გული სურვილით, მოელოცა მიწა და ადგილი, რომელმაც გულში ჩაიკრა კვართი მაცხოვრისა. შეისმინა ყოვლადწმინდა მარიამმა წმინდა ნინოს ლოცვა, გამოეცხადა მას და ამცნო, რომ აკურთხებდა ქართლში წასასვლელად, ოღონდ… არა მხოლოდ კვართის მოსალოცად, არამედ ქართლის მოსაქცევადაც. თანაც ანუგეშა, ყოველთვის შენთან ვიქნები და გაგაძლიერებო. ჯვარიც გადასცა, რომელიც შემდეგ წმინდა ნინომ საკუთარი თმებით შეკრა. უამბო გამოცხადების შესახებ ბიძას წმინდა ნინომ, მიიღო მისგანაც კურთხევა და დაადგა გზას, რომელსაც იგი ქართლში უნდა ჩამოეყვანა, რათა ქართველები დაეყენებინა უფლისაკენ მიმავალ გზაზე. განსაცდელებითა და სიძნელეებით იყო სავსე ეს გზა – სიკვდილსაც გადაარჩინა ღმერთმა – სომხეთში ყოფნისას მისი თანამგზავრები შეიპყრეს, გაიანე და რიფსიმე, და აწამეს, ხოლო ნინო ვარდნარმა დაიფარა და მოესმა ხმა ღვთისა, რომელიც ამცნობდა: მაშინ წარსდგებიო უფლის წინაშე, როდესაც შენ გარშემო ეკალი ვარდად იქცევაო. მერე მეფის მებაღესთან დასახლდა, მაყვლოვანში დაიდო ბინა (მაყვლოვანი ხომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახე-სიმბოლოა) და საკუთარი ცხოვრების წესით დაიწყო ქადაგება ჭეშმარიტებისა: მასთან მოსულებს ლოცვით კურნავდა და ერთადერთი ღმერთის შესახებ უამბობდა. უამრავ განკურნებულს შორის ქართლის დედოფალი, ნანაც, აღმოჩნდა. როდესაც მირიან მეფემ შეიტყო ამის შესახებ, განრისხდა და ნინოსა და ნანას სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა. მაგრამ განაჩენის აღსრულება ნადირობიდან დაბრუნებისათვის გადადო. ნადირობისას კი მზე დაბნელდა. მატერიალური მზის დაბნელებას მირიანის სულში ჭეშმარიტი ნათელი უნდა გაებრწყინებინა. ასეც მოხდა – კერპებმა რომ ვერ უშველეს, მეფემ ნინოს ღმერთს სთხოვა, დამეხმარე და გიწამებო. მეყვსეულად განათდა ირგვლივ ყველაფერი. განათდა მირიანის სულიც და… წმინდა ნინოს სამუდამო განსასვენებელს, ბოდბეს, დღესაც უამრავი ადამიანი აკითხავს, რათა მისი ლოცვით აღმოცენებულ წყაროში განიბანოს და კურნება და შეწევნა მიიღოს. წმინდა ნინო ხომ დღესაც ისევე იცავს და იფარავს საკუთარ ნათლულ ერს, როგორც მაშინ – რამდენიმე ასწლეულის წინათ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |
« მარტი 2013 » | ||||||
ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |