მას მერე, რაც ორ ფეხზე სიარული და "გონივრული” აზროვნება დაიწყო, ადამიანში გაჩნდა სანახაობის წყურვილი – სანახაობისა, რომელიც ემოციებს გამოიწვევდა, სადაც ტკბობა და ძრწოლა ერთმანეთს შეავსებდა… ის ცხოველებსა თუ ადამიანებს მსხვერპლად წირავს ტოტემას, კერპს, ღვთაებას – საკრალურის გარდა ამას სანახაობითი დატვირთვაც აქვს. ანტიკურ სამყაროში ეგზალტირებული მაყურებელი დამარცხებული გლადიატორის სიკვდილით დასჯას ითხოვს; ანტიკურ თეატრში გათამაშებულ ტრაგედიებში პერსონაჟებს თავდაპირველად ნამდვილად კლავენ; შუა საუკუნეებს ქალაქური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გასართობია გილიოტინის გარშემო შეკრება და თავის მოკვეთის პროცესზე დასწრება; ულამაზეს სანახაობად დღემდე ითვლება კორიდა, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ადამიანები იყრიან თავს… სანახაობა და გმირები, რომლებიც იდეალიზაციის საბურველში ეხვევიან და იქცევიან მითებად – ეს ის აუცილებელი საზრდოა, რომელიც შესაძლოა ზოგჯერ "პური არსობისაზეც” კი ძვირფასი იყოს.ა მიტომაც ნებისმიერი დროის ხელისუფლება ცდილობს, ხალხს გასართობი და მისაბაძი არ მოაკლოს.
თუ აქამდე მითები ვერბალურად (ზეპირსიტყვიერად თუ წერილობით – იქმნებოდა, XX საუკუნე ვიზუალური მახსოვრობის ეპოქაა და მითოლოგიური იმიჯებიც ძირითადად გამოსახულებით მიიღება. აქ უმთავრესი დატვირთვა ეკრანზე (ტელევიზია, კინო, რეკლამა) მოდის და წერილობითი კომუნიკაციაც ძირითადად ვიზუალურ აღქმას ექვემდებარება (ბულვალური პრესა, სადაც სიტყვიერად მინიმალური ინფორმაციაა მოწოდებული, რომელიც ეფექტური და სენსაციური ფოტოებით არის გაფორმებული. ჩნდება "პაპარაცის” ფენომენი, რომლის მიერ მოპოვებული მასალა ყველაზე ძვირადღირებულია. საგულისხმოა ინტერნეტის – როგორც წიგნის ეკრანული მოდიფიკაციის "წარმომავლობაც”). |