მთავარი » 2012 » აპრილი » 16 » მიწაზე ეგდო თვალღია გვამი
12:57 PM
მიწაზე ეგდო თვალღია გვამი
მიწაზე ეგდო თვალღია გვამი - Site Name

კვდებოდა. ადრე იგრძნო, მაგრამ არ დაუჯერეს, რა დროს ეგ არისო, თითქოს სიკვდილი ეკითხებოდეს ვინმეს – შენთან ახლა მოვიდე, თუ მერე, ცოდვებით რომ დაიხუნძლებიო?! ეცინებოდა. სიმწრით. ტკივილით. ისევ ისე ექცეოდნენ. ისევ ისე უყურებდნენ. რა იცოდნენ, სულ ცოტა დროც და.. აღარ იქნებოდა. მოენატრებოდათ კი? იტირებდნენ? გაიხსენებდნენ? ნეტავ გვირილებს თუ მიუტანდნენ იქ, მკვდართა საუფლოში? მომავალს ვერ ხედავდა, ჩვეულებრივი მოკვდავი იყო, თუმცა ამბობდნენ არაჩვაულებრივი აზრები ჰქონდაო. მან არ იცოდა რას ნიშნავდა არაჩვეულებრივი აზრი. ისე მოკვდა არც გაუგია.

დილით გაიღვიძა, ისე რა, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები იღვიძებენ. თვალები გაახილა, მაგრამ იყო ამ გაღვიძებაში რაღაც არაჩვეულებრივი. მაშინ, როცა მისი სხეულით გამთბარ საწოლში იწვა, არ იცოდა, რომ ეს „არაჩვეულებრივობა" სიკვდილი იყო. უფრო სიკვდილის სუნი და შეგრძნება იმისა, რომ კვდებოდა. ამას ახლა ხვდება. ახლა, როცა გრძნობს როგორ დაეპატრონა სიცივე სხეულს. ცივი ყოფილა თურმე სიკვდილი.

ჰოო, საწოლიდან წამომდგარმა, როგორც ყოველთვის პირჯვარი გადაიწერა და მადლობა გადაუხადა უფალს კიდევ ერთი დღის გათენებისთვის. აივნის კარი გააღო, სიცივისგან გააჟრჟოლა. მაშინ, ძილისგან აფუებულმა არ იცოდა, რომ ეს სიცივე კი არა, რაღაცის მოლოდინი იყო. ის რაღაც ახლა მის სხეულს ღრღნიდა. ეჯიბრებოდა სულს სიკვდილი. ცას შეხედა. სადღაც სიღრმეში, რომელსაც უსასრულობა უწოდა თავად, ვიღაცას გაუღიმა. შემდეგ თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა და ოთახში შებრუნდა. რა იცოდა, რომ უკანასკნელი რასაც დაინახავდა, მზისაგან აწითლებული ცა იქნებოდა. დილით არ იცოდა, მაგრამ ბედმა თქვა – გაიგებს, სად გამექცევაო. არც აპირებდა გაქცევას ისე..

ფერად პლედში გახვეული, თეთრკოპლებიანი წითელი ჭიქით სვამდა ცხელ ჩაის. ლიმონით. ჰოო, ლიმონი უყვარდა. ადამიანივით „მჟავეა" და მზესავით ყვითელიო. ჰეჰე.. უცებ ძალიან, ძალიან მოუნდა გარეთ გასვლა, ადამიანების დანახვა, ხმის გაგონება, ღიმილი. ხელს რა უშლიდა? არც არაფერი. ადგა. ჩაიცვა. სახლიდან გასვლის წინ სარკეში ჩაიხედა. თვალებში რაღაც უცნაური სხივი ედგა. ანგარიშმიუცემლად გაიცინა და იმის მაგივრად, რომ ეთქვა „მშვიდობით" თქვა – „მზე ამოვიდა.." უუხ, მან რა იცოდა, რომ უკანასკნელად ხედავდა საკუთარ თავს. ჰოო, არ იცოდა.

ქუჩაში გასულმა მზეს შეუშვირა სახე. დამშეული სული გააძღო. უცებ იგრძნო, ვიღაც უყურებდა. ირგვლივ მიმოიხედა და პატარა გოგო დაინახა. იცნობდა კარგად. მისი მეზობელი იყო. დილაობით ერთად მიდიოდნენ ხოლმე სკოლაში. დიიიდი თაფლისფერი თვალები ჰქონდა და სიცილისას ორივე ლოყა ეჩხვლიტებოდა. ბავშვმა რომ დაინახა, მისკენ გამოქანდა ხელებგაშლილი და ჩაეხუტა. როგორი თბილი იყო, როგორი მართალი და წმინდა. ნეტავ ყველა ასეთი იყოსო – გაიფიქრა და ლოყაზე აკოცა..

დღე კარგად მიდიოდა, მაგრამ დასასრული ხომ ყველაფერს აქვს.. ან თითქმის ყველაფერს. დასასრული აქვს ყველაფერს, გარდა იმისა, რასაც დასაწყისიც კი არ ჰქონია. მას ჰქონდა დასაწყისი? ალბათ ჰქონდა. ან უ–დასაწყისოდ მოაწყდა ქვეყნიერებას და ქვეყნიერებამ–ვე შთანთქა იგი. სხეული და არა სული.

ხვდებოდა ხალხს. ბრბოს, რომელიც საზოგადოებას უწოდებს საკუთარ თავს, გაიძახის ყველა თანასწორიიაო და, ამავდროულად, კლასებად, ფენებად, თუ ჯგუფებად იყოფა. ეზიზღებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ რა ექნა, ის ერთი იყო და ერთი სახე ჰქონდა.. ხალხიც ერთად ერთი იყო, მაგრამ მრავალი სახისგან შედგებოდა. რატომ ფიქრობდა ასეთ თბილ და ფერად დღეს ასეთ მძიმე და მუქ საკითხებზე ვერ ხვდებოდა. რა იცოდა, რომ კვდებოდა. არ იცოდა.

„გამარჯობა.. როგორ ხარ.. კაი, ახლა არ მცალია მერე გნახავ.." – მერე აღარ იქნებოდა.

„ვაა, რა იყო, რა სიყვარულის ბუშტი გაგისკდა.. ჰოო, კარგი, კარგი მეც მიყვარხარ. ჩვენც გვიყვარხარ. მასაც უყვარხარ. მე არ მიყვარხარ." – დასცინოდნენ თუ რა იყო?

„რა იყო, ფერი არ გადევს, ცუდად ხომ არ ხარ?" – თავადაც ვერ ხვდებოდა რა სჭირდა. არაფერიო, გაიძახოდა და უაზრო ღიმილით უყურებდა ყველას. რა არაფერი, კვდებოდა.

ეძებდა გულწრფელ ღიმილს, ღიმილისფერ თვალებს და ღიმილჩამდგარ გამოხედვას. ვერ პოულობდა და ტკიოდა. ღიმილის მაგივრად, ცივ და ზიზღით სავსე სახეებს ხედავდა. მან არ იცოდა, რომ კვდებოდა. სხვებმაც არ იცოდნენ.

შუადღემ გუდანაბადი აიკრა და სადღაც, მთის იქით გადასახლდა. საღამო გაწვა ქვეყნიერებაზე. გული ზედიზედ ორჯერ შეტოკდა. ის გრძნობდა. სხვები ვერ. ქუჩაში იდგა თავაწეული. ჩამავალი მზე ულოკავდა სახეს. სხივი ქრებოდა თვალებში. გაყინული თითებით აკრიფა გონების დაფაზე ამოკაწრული ციფრები. კანკალებდა. გაიფიქრა „ვაითუ, ვერ მოვასწროო.." გაუთიშეს. კიდევ დარეკა. კიდევ გაუთიშეს. მესამედ რომ დარეკა ვიღაც ქალმა უთხრა „მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდანო.." ის კი სიცხიანივით ჩურჩულებდა – დაუძახეთ, მხოლოდ ხმა გამაგონეთ. აშკარად ვერ გაუგეს ერთმანეთს. ქალმა გათიშა. თუ მან? რა მნიშვნელობა ჰქონდა.

მზემ აკოცა ცას. ცას ლოყები შეუწითლდა. გულმა ზედიზედ სამჯერ, სწრაფი მოძრაობით დაგლიჯა სიცოცხლის ძაფები და.. გაჩერდა.

მიწაზე ეგდო თვალღია გვამი. სხივჩამქარლი, ყორნისფერი მღვიმეები ირეკლავდნენ უცნაურად აწითლებულ ცას.

ის მოკვდა.

........................
 
კატეგორია: საკითხავი | ნანახია: 588 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0