მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 17 » როგორ წარმოიშვნენ სომალელი მეკობრეები
10:13 PM
როგორ წარმოიშვნენ სომალელი მეკობრეები

სომალელი მეკობრეები ამერიკულ ხომალდს თავს დაესხნენ!
სომალელმა მეკობრეებმა გერმანელი მეზღვაურები გაძარცვეს!
სომალელმა მეკობრეებმა რუსი მეზღვაურები დაატყვევეს!
სომალელ მეკობრეებს ტყვედ ქართველი მეზღვაურები ჰყავთ!
ასეთი შეტყობყობინებები მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების მიერ სისტემატიურად გადაიცემა, ტერმინი "სომალელი მეკობრეებიც” მსოფლიოს კრიმინალურ ქრონიკაში მტკიცედ დამკვიდრდა.

– როდესაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი წლების მანძილზე გრძელდება, როცა მოშლილია ეკონომიკა, ხოლო სახელმწიფო მანქანა, როგორც ასეთი, არ არსებობს, სარჩოს შოვნა მხოლოდ თოფიან კაცს შეუძლია! ვისაც თოფი არა აქვს, ან მისი ხმარება არ ძალუძს, შიმშილით სიკვდილისათვისაა განწირული, – წერდა დიდი ამერიკელი მწერალი სოლ ბელოუ.

სომალიში წლების მანძილზე იტალიელები ბატონობდნენ. კოლონიზატორები ძალაუფლებას მხოლოდ იმის წყალობით ინარჩუნებდნენ, რომ სხვადასხვა ტომებსა თუ კლანებს შორის შუღლს თესავდნენ. დამპყრობელი თვალს ადევნებდა, რომ ეს პროცესი დასაშვებ ფარგლებს არ გასცდენოდა და ამიტომ სომალიში კარგა ხანს ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომი არ გაჩაღებულა. სიტუაცია კონტროლიდან მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს გამოვიდა. დამპყრობელთა წინააღმდეგ მასიური პარტიზანული ბრძოლები გაჩაღდა. როგორც ცნობილია, დეკოლონიზაციის პროცესმა აფრიკის ქვეყნებს დამოუკიდებლობა მოუტანა. გამონაკლისი არც სომალი გახლდათ, თუმცა, დამოუკიდებლობას მშვიდობის დამყარება როდი მოჰყვა.

– სხვადასხვა კლანები და ტომები ძალაუფლებისათვის ბრძოლაში ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ, – წერს ჟურნალისტი გალინა სიდოროვა.

ბრძოლა ხანგრძლივი და სისხლიანი იყო. მშვიდობის დამყარება ვერც დიქტატურის წყალობით მოხერხდა. ცეცხლი მხოლოდ დროებით შეჩერდა, რათა, გარკვეული დროის შემდეგ, ახალი ძალით გაჩაღებულიყო.

– საბოლოოდ ქვეყანა სხვადასხვა საველე მეთაურთა სათარეშოდ გადაიქცა, – წერს გალინა სიდოროვა.

"ცივი ომის” ეპოქაში სომალის შიდა საქმეებში მრავალი ქვეყანა ერეოდა. როგორც ცნობილია, სსრკ–მ მიაღწია იმას, რომ ეთიოპიაში მარქსისტული და ანტიდასავლური რეჟიმი დამყარდა. ადგილი ჰქონდა მცდელობას, რათა "ეთიოპური ექსპერიმენტი” სომალიზეც გავრცელებულიყო. ამისთვის მოსკოვმა სხვადასხვა საველე მეთაურთა მოსყიდვა დაიწყო, რასაც ამერიკელთა წინააღმდეგობა მოჰყვა. შედეგად, სამოქალაქო ომის ხანძარი კიდევ უფრო გაღვივდა და მისი ჩაქრობა "ცივი ომის” დამთავრების შემდეგაც კი ვერ მოხერხდა:

– სსრკ, როგორც ცნობილია, დაიშალა და აფრიკაში საბჭოთა ექსპანსიონიზმის პრობლემაც მოიხსნა, მაგრამ სომალიში სამოქალაქო ომი გრძელდებოდა. ამ დაუნდობელ ხოცვა–ჟლეტას თითქოს ბოლო არ უჩანდა, – წერს ჰენრიკ ბოროვიკი.

თეთრი სახლის ყველა მცდელობას, დაემყარებინა მშვიდობა, შედეგი არ მოჰყოლია. სისხლისღვრის შეჩერება მხოლოდ "ფედერალიზაციის” წყალობით მოხერხდა. ჩვენ შეგნებულად ჩავსვით ეს სიტყვა ბრჭყალებში. ფაქტიურად საველე მეთაურებს დაუკანონეს ის ტერიტორიები, რომლებსაც აკონტროლებდნენ. შედეგად წარმოიქმნენ ფსევდორესპუბლიკები, რომლებიც ქვეყნის მთლიანობას მხოლოდ ფორმალურად აღიარებდნენ და რომელთაც ცენტრალური მთავრობა ვერ აკონტროლებდა. ნელ–ნელა ზოგიერთ საველე მეთაურს ასეთი ყოფა ყელში ამოუვიდა. მათ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ საერთაშორისო საზოგადოებას მათი "სახელმწიფოები” ეღიარებინა.

ბუნებრივია, რომ ასეთ ვითარებაში ვერანაირი ეკონომიკის, ვერანაირი სახელმწიფო მანქანის აწყობა ვერ მოხერხდებოდა. სამაგიეროდ, აღიზარდა მთელი თაობები, რომელთაც ომის გარდა არაფერი უნახავთ, ჯარისკაცობა მათი ერთადერთი პროფესიაა:

– მათ თავიანთი ჰიმნიც გააჩნიათ, სადაც ნათქვამია: ჩვენ ომით ვსუნთქავთ, ომით ვცოცხლობთ, – წერს გალინა სიდოროვა.

ომის დროს სომალიში ყვაოდა იარაღით ვაჭრობა, ნარკობიზნესი. ომის შემდეგ კი, გაჩნდა მეკობრეობა.

– სომალელი ახალგაზრდებისათვის მეკობრეობა ყველაზე პრესტიჟული პროფესიაა, – წერს "სეგოდნია”, – ყველა, ვისაც ძალა ერჩის და იარაღის ხმარება შეუძლია, თავს ამით ირჩენს. სხვაგვარად სომალიში ნორმალურად ვერ იცხოვრებ.

მეკობრეებად მიდიან სხვადასხვა ასაკის ადამიანები, თუმცა (გასაგები მიზეზების გამო), ახალგაზრდობა დომინირებს. ე.წ. ავტონომიურ წარმონაქმნთა მეთაურები ან თვალს ხუჭავენ მეკობრეობაზე, ან თავად არიან მეკობრეთა ბანდების წინამძღოლნი. ცენტრალური ხელისუფლება ბანდიტების წინაშე უძლურია. მეკობრეებიც მას არაფრად აგდებენ.

პუტლენდი

პუტლენდი სომალის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ერთ–ერთი "სახელმწიფოა”, რომელიც ჯერ "ავტონომიას” სჯერდებოდა, ხოლო შემდეგ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მართალია, ის არავის უღიარებია, მაგრამ ეს არაა მთავარი. პუტლენდი მეკობრეების ძირითადი ბაზაა. ბანდიტების მთავარი ძალები სწორედ აქაა კონცენტრირებული.

პუტლენდის სათავეში ვინმე აბდულა ჰიუსუფ აჰმედი დგას. ის 1934 წელს დაიბადა. "ცივი ომის” ეპოქაში აქტიურად თანამშრომლობდა მოსკოვთან და აცხადებდა, რომ სოციალიზმის გამარჯვებისათვის იბრძოდა. ზოგიერთი ჟურნალისტი ამტკიცებდა, რომ იუსუფ აჰმადმა თავის დროზე მოსკოვში სპეციალური მომზადება გაიარა. ის მიესალმა ეთიოპიაში მარქსისტული რეჟიმის დამყარებას, აქტიურად იღვწოდა, რათა "ეთიოპური ექსპერიმენტი” სომალიზე გავრცელებულიყო. იუსუფ აჰმედი სომალიში ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი საველე მეთაურია. ამიტომაც მან შეძლო საკმაოდ მოზრდილ ტერიტორიაზე საკუთარი კონტროლის დამყარება. შემდგომში სწორედ ეს ტერიტორია გახდა მეკობრეობის ცენტრი.

იუსუფ აჰმედი აქტიურად არ იღვწის პუტლენდის საერთაშორისო აღიარების მისაღწევად. ის მიიჩნევს, რომ, ადრე თუ გვიან, ეს გარდუვალია:

– დე–ფაქტოდ ჩვენ უკვე დამოუკიდებლები ვართ, – ამბობს იგი, – ის, რაც დე–ფაქტოა, ადრე თუ გვიან დე–იურეც გახდება.

თავის სახელმწიფოს ის როგორც ფეოდალი, ისე განაგებს. ურჩებს აქ ან თავს კვეთენ ან თვალებს თხრიან. გამოიყენება ისეთი მეთოდებიც, როგორიცაა ქვებით ჩაქოლვა. პუტლენდში მონებიც ჰყავთ. ეს ხომალდებზე თავდასხმების შედეგად დატყვევებული მეზღვაურებია. მათ ისევე ჰყიდიან, როგორც ოდესღაც მონებს ჰყიდდნენ. ვაჭრობენ მათი შინაგანი ორგანოებითაც. ჩვენ დროში ხომ მედიცინა ძალზე განვითარდა და ორგანოთა გადანერგვა მრავალი ქვეყნის კლინიკებშია დანერგილი. ამბობენ, ეს "ბიზნესი” პუტლენდში საკმაოდაა გავრცელებული და დიდი მოგებაც მოაქვსო. ფართოდაა გავრცელებული ლამაზი გოგონებით ვაჭრობაც.

– პუტლენდში მრავალი ქვეყნიდან ჩადიან საროსკიპოების პატრონები, რათა "საქონელი” შეიძინონ, – წერს პატრიკ ანდერსონი, – გოგონებს მეკობრეები ძირითადად გემებზე თავდასხმების შედეგად ატყვევებენ. თუ გაირკვა, რომ გოგონა მდიდარი ოჯახის შვილია, მაშინ მისი ოჯახიდან დიდძალი თანხის გამოძალვას ცდილობენ. თუ გაირკვა, რომ ტყვე გადახდისუუნაროა, მას ან ჰყიდიან, ან პუტლენდშივე ტოვებენ და როგორც მონასა და მეძავს ისე იყენებენ.

გამოსასყიდს ტყვე–მამაკაცებსაც სძალავენ. თუკი განსაზღვრული დროის განმავლობაში ტყვე ვერ გამოისყიდეს, მას კლავენ, მის ორგანოებს კი ყიდიან. ქალების ხვედრი გაცილებით მძიმეა. ტყვე–ქალებს საგანგებოდ სინჯავენ. თუ დადგინდა, რომ ქალიშვილია, ცალკე ამწყვდევენ, რადგანაც ქალიშვილი უფრო ძვირად იყიდება. ზოგჯერ ტყვე–გოგონებს პუტლენდშივე ტოვებენ და როგორც მონა–მეძავეებს ისე იყენებენ. ასეთებს საგანგებოდ "ნემსზე სვამენ” – ნარკომანი ხომ მთლიანად ნარკოტიკის მიმწოდებელზეა დამოკიდებული და გაქცევაზე ფიქრის თავიც კი აღარ აქვს.

კატეგორია: სამხედრო | ნანახია: 663 | დაამატა: buka9075 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0